Baby Bag

„ძირითადი მიზეზი არის ხოლმე...“ - რა იწვევს ხელებისა და ფეხების დაბუჟებას?

„ძირითადი მიზეზი არის ხოლმე...“ - რა იწვევს ხელებისა და ფეხების დაბუჟებას?

ხელებისა და ფეხების დაბუჟების მიზეზებზე ნეიროქირურგმა გიორგი მაღალაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

​„ბევრი დაავადება შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ადამიანს ჰქონდეს ან უსიამოვნო შეგრძნება ან შეგრძნების დაქვეითება ან დაბუჟება კიდურებსა თუ სხეულის სხვადასხვა ნაწილში, ძირითადი მიზეზი არის ხოლმე ზურგის ტვინის და ხერხემლის არხის სხვადასხვა დაავადება. ყველაზე გავრცელებული რაც შეიძლება იყოს, ეს არის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ხერხემლის ძვლოვანი სისტემის პათოლოგიასთან. ეს შეიძლება იყოს ტრავმული, მიკროტრამვული, ინფექციური, ასაკობრივი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა - ეს ყველაფერი იწვევს სახსრის ელასტიურობის დარღვევას, ელასტიურობადარღვეული სახსარი შეიძლება იყოს ზედმეტად მოძრავი, რაც  ტკივილს იწვევს. 

გარდა ამისა, შეიძლება იყოს სხვა პროცესები, მაგალითად, სისხლძარღვოვანი, სიმსივნური წარმონაქმნი, დისკების გამოვარდნა და ზეწოლა ზურგის ტვინზე, განსაკუთრებით სიმპტომატიკა არის კისრის დონეზე. ეს არის ყველაზე მაღალი ზურგის ტვინის დონე, საიდანაც იმართება როგორც ზედა, ისე ქვედა კიდურები. შესაბამისად, როდესაც ეს ყველაფერი ხდება წელს ქვემოთ, მაშინ მხოლოდ ქვედა კიდურებზე იქნება მათი ზემოქმედება. 

ზურგის ტვინის ექსტრამედულური სიმსივნეების დროს დაბუჟება იწყება ფეხის თითებიდან და ნელ-ნელა ამოდის ზემოთ და როცა მიაღწევს იმ დონეს, სადაც იყო ზეწოლა ზურგის ტვინზე, მერე ჩერდება რაღაც დონეზე. შეიძლება ფეხებში იყოს დაბუჟება და პროცესი იყოს კისერში. ამ დროს ავადმყოფი უნდა გაისინჯოს, ნახოს სპეციალისტმა,“ - აღნიშნა გიორგი მაღალაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში

საქართველოში ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა 7 708 ბავშვს დასჭირდა - NCDС-ის ანგარიში

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2021 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, 0-დან 18 წლამდე ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა 90 680 ბავშვი იყო, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 14,8%-ია.

2020 წელს ათი თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაინფიცირდა 23 470 ბავშვი, 2021 წელს 9 თვის მანძილზე კი 67 210 ბავშვი.

ინფიცირებული ბავშვების 51,3% მდედრობითი სქესის იყო, ხოლო 48,7% - მამრობითი.

18 წლამდე ასაკში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და 2021 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა 7 708 ბავშვს, რაც ინფიცირებული ბავშვების საერთო რაოდენობის 8,5%-ია, მათ შორის ლეტალური გამოსავალი დაფიქსირდა 8 შემთხვევაში. ჰოსპიტალური ლეტალობა - 0,1%-ია.

წყარო: ​ncdc.ge

წაიკითხეთ სრულად