Baby Bag

არ შეხვიდეთ სახლში საგარეო ფეხსაცმლით

არ შეხვიდეთ სახლში საგარეო ფეხსაცმლით

ადამიანების დიდი ნაწილი სახლში საგარეო ფეხსაცმლით სიარულს ჩვეულებრივ მოვლენად განიხილავს, ზოგიერთ მათგანს კი ეს მავნე ჩვევად მიაჩნია. ადამიანებს, რომლებსაც აღიშნული ჩვევისგან გათავისუფლების სურვილი აქვთ, ახალ რეალობასთან შეგუება უძნელდებათ, რის გამოც მათ დიდ ნაწილს კვლავ ძველი წესებით ცხოვრება ურჩევნია. მართალია, წლების განმავლობაში განმტკიცებულ ჩვევებთან განშორება ძნელია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის. თუ სახლის ჭუჭყისა და ბაქტერიებისგან დაცვა გსურთ, მაგრამ საგარეო ფეხსაცმელთან გამომშვიდობება გიჭირთ, ჩვენს რჩევებს ყურადღებით გაეცანით. მათი დახმარებით სახლში საგარეო ფეხსაცმლით სიარულს სამუდამოდ დაივიწყებთ, რითაც თქვენი ოჯახის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად განამტკიცებთ.

  • თავდაპირველად უმნიშვნელო ნაბიჯები გადადგით

ადამიანებს, რომლებსაც სახლში ფეხსაცმლით სიარული ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ, ცხოვრების ახალ წესთან შეგუება ნამდვილ განსაცდელად ეჩვენებათ. მსგავსი ცვლილებების განხორციელება ერთ ღამეში არ გამოგივათ. თავდაპირველად სახლში ფეხსაცმლით სიარული არ აკრძალოთ, მაგრამ ვიდრე საგარეო ფეხსაცმელს ატარებთ, ხალიჩაზე ფეხი არ დადგათ. ნელ-ნელა გაზარდეთ იმ ადგილების რიცხვი, რომლებსაც საგარეო ფეხსაცმლით არ უნდა მიუახლოვდეთ. როდესაც შეზღუდვები მეტისმეტად გართულდება, თავადვე გაგიჩნდებათ სურვილი, რომ საგარეო ფეხსაცმელი სახლში შემოსვლისთანავე გაიხადოთ.

  • მაქსიმალური კომფორტი შეიქმენით

საგარეო ფეხსაცმლისგან გათავისუფლებას თუ ცდილობთ, მაგრამ მისი შესანახი სივრცე სათანადოდ მოწესრიგებული არ გაქვთ, ახალი ცხოვრების სტილის ერთგულება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, შემოსასვლელში სპეციალური კალათა, ყუთი ან ფეხსაცმლის შესანახად განკუთვნილი თაროები მოათავსოთ, რათა თავი კომფორტულად და თავისუფლად იგრძნოთ.

  • ოჯახის წევრები და ახლობლები გააფრთხილეთ

ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენს მეგობრებსა და ნათესავებს აუხსენით, რომ სახლში ახალი წესები გაქვთ და საგარეო ფეხსაცმლით სიარულს კატეგორიულად კრძალავთ. თქვენს გადაწყვეტილებაზე საუბრისას ეცადეთ, რომ ახლობლების მიმართ კეთილგანწყობილი და ყურადღებიანი იყოთ. თუ თქვენს მეგობრებსა და ნათესავებს ყველაფერი წინასწარ ეცოდინებათ, ისინი თქვენთან მომზადებულები მოვლენ, რაც ძალიან ბევრ უსიამოვნებას და უხერხულობას აგარიდებთ.

უსიამოვნებები, რომლებიც ცხოვრების ახალ წესზე გადასვლას ახლავს თან

სახლში საგარეო ფეხსაცმლით სიარულის აკრძალვა და ოჯახური გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა მარტივი არ არის. როდესაც სახლში ახალი წესების დამკვიდრებას გადაწყვეტთ, უსიამოვნებებისთვის მზად უნდა იყოთ. ახალ ჩვევებთან შეგუებას დრო და მოთმინება სჭირდება.

  • შიში, რომ ბავშვები თქვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ

ბავშვებს ახალი წესების ათვისება ნამდვილად გაუჭირდებათ. მთავარია, მოთმინება გამოიჩინოთ. თუ პატარებს ფეხსაცმლის შესანახად კომფორტულ სივრცეებს, საკუთარ ყუთს ან თაროს გამოუყოფთ, ისინი ცხოვრების ახალ წესზე გადასვლას უფრო სწრაფად შეძლებენ. შესაძლოა, თქვენს შვილებს სახლში საგარეო ფეხსაცმლის გარეშე სიარული თქვენზე მეტადაც მოეწონოთ, ამიტომ წინასწარ ნუ შეშინდებით.

  • თქვენს მეუღლეს ახალი წესები არ მოსწონს

თქვენი მეუღლე ახალი წესებით კმაყოფილი თუ არ არის, მათი დაცვა ძალიან გაგიჭირდებათ. თუ გრძნობთ, რომ ის სახლში საგარეო ფეხსაცმლის გარეშე სიარულს ეწინააღმდეგება, მის იძულებას არც უნდა ეცადოთ, რადგან ეს უარეს შედეგს გამოიღებს. აუცილებელია, რომ ჰიგიენაზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მეუღლეებს საერთო მოსაზრებები და შეხედულებები ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრების ახალ წესზე გადასვლა გაგიჭირდებათ.

  • სტუმრების შეწუხებას ერიდებით

მართალია, ყველა სტუმარი ფეხსაცმლის გახდის მოთხოვნაზე ღიმილით არ გიპასუხებთ, მაგრამ ამის გამო არ უნდა აღელდეთ. სტუმრებს, შესაძლოა, თქვენი სასტუმრო ოთახის კედლის ფერი, ან ხალიჩაც არ მოეწონოთ, ამის გამო საყვარელ ნივთებსა და დეკორაციებზე უარს ხომ ვერ იტყვით?! თქვენს ოჯახში დამკვიდრებული წესები თქვენი სახლის განუყოფელი ნაწილია და შეგნებული სტუმრები ამას აუცილებლად დააფასებენ. თუ რომელიმე სტუმარს საგარეო ფეხსაცმლის გახდის იდეა არ მოსწონს, ის ამას ხმამაღლა არასდროს გეტყვით. მთავარია, რომ ახალი წესების შესახებ ისინი თქვენთან მოსვლამდე გააფრთხილოთ. ადამიანებს არ სიამოვნებთ, როდესაც გახეული ან ულამაზო წინდა აცვიათ, ამას კი სხვებიც ამჩნევენ. სტუმრებს შესაძლებლობა უნდა მისცეთ, რომ თქვენთან მოსვლამდე სათანადოდ მოემზადონ.

  • ფიქრობთ, რომ თქვენი შვილების მეგობრები ახალ წესებს არ დაემორჩილებიან

უცხო გარემოში ბავშვები წესებს უფროსებზე უკეთ ემორჩილებიან. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. თქვენი შვილების მეგობრები ფეხსაცმელს უპირობოდ გაიხდიან და თქვენი სახლის ჰიგიენაზეც სათანადოდ იზრუნებენ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე თქვენი შვილები.

სახლში საგარეო ფეხსაცმლით სიარულს თუ გადაეჩვევით, აუცილებლად შეამჩნევთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც ახალი წესების შემოღება გამოიწვევს. თუ იგრძნობთ, რომ სახლი უფრო სუფთაა, მისი დალაგება ნაკლები სიხშირით გიხდებათ, ჰიგიენის ხარისხმა მოიმატა და ოჯახის წევრებიც კმაყოფილი გყავთ, ცხოვრების ახალი წესის ერთგულება მეტად გაგიადვილდებათ. აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ოჯახის წევრების მოსაზრებები და ნებისმიერი გადაწყვეტილება მეუღლესთან შეთანხმებით მიიღეთ, რათა ზედმეტი უსიამოვნებების თავიდან აცილება შეძლოთ.

მომზადებულია lelaburris.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

პაციენტს შეიძლება, არანაირი სიმპტომი არ აწუხებდეს, მიუხედავად ამისა, მის ორგანიზმში შესაძლებელია, აღინიშნებოდეს ანთებითი პროცესი

პაციენტს შეიძლება, არანაირი სიმპტომი არ აწუხებდეს, მიუხედავად ამისა, მის ორგანიზმში შესაძლებელია, აღინიშნებოდეს ანთებითი პროცესი

რა განსხვავებაა კოვიდინფიცირებულს, ასიმპტომურ ან პრე-სიმპტომატური ადამიანების შორის, რამდენად მიზანშეწონილია ინჰალაციის გაკეთება ფიზიოლოგიური ხსნარით კორონავირუსით ინფიცირების დროს, რა დროა საჭირო გამოჯანმრთელებისთვის - აღნიშნულ თემებზე ექიმი​ რეზიდენტი ნანა სხილაძე წერს

როგორც ექიმი აღნიშნავს, პაციენტს შეიძლება, არანაირი სიმპტომი არ აწუხებდეს, მიუხედავად ამისა, მათ ორგანიზმში შესაძლებელია, აღინიშნებოდეს ანთებითი პროცესი: 

შესაძლებელია, მოსახლეობის დიდ ნაწილს ჰქონდეს COVID-19, მაგრამ მას საერთოდ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდეს, სავარაუდოდ, ეს უფრო ხშირად ხდება ჯანმრთელ და ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში ასევე ბავშვების უმეტესობაში.

უსიმპტომოდ ყოფნა ნიშნავს, რომ არანაირი სიმპტომი არ გაქვს.

არსებობს ცნობები უსიმპტომო ადამიანებში მხოლოდ ყნოსვის დაკარგვის შესახებ. ტექნიკურად კი ეს სიმპტომია.

თუ თქვენ ცხოვრობთ სახლში COVID-19 ინფექციის მქონე ადამიანებთან და სიმპტომები არ გაქვთ, შეიძლება ასიმპტომური შემთხვევა იყოთ. (ამის გაგებას ანტისხეულების ტესტის გაკეთებით შეძლებთ).

კოვიდ-19 -ით დაინფიცირებულ ადამიანთა 40%-ს  საერთოდ არ უვითარდებათ სიმპტომი და ის შეიძლება გეგმიურ შემოწმებაზე აღმოაჩინონ (მაგ: მედ პერსონალი სამაშველო სამსახურის პერსონალი. პოლიცია მასობრივი ტესტირებისას. )

ასიმპტომური დადებითობა ნიშნავს იმას, რომ პაციენტს არანაირი სიმპტომი არ აწუხებს არც ტემპერატურა, არც ხველება, არც სიცხე. ისინი არ გრძნობენ სუნთქვის უკმარისობას და ისეთ საეჭვო სიმპტომებს, რაც ფიქრებინებს კოვიდ 19-ზე. მიუხედავად ამისა, მათ ორგანიზმში შესაძლებელია, აღინიშნებოდეს ანთებითი პროცესი. 

მეცნიერებმა, რომლებმაც გამოიკვლიეს უსიმპტომოდ მიმდინარე ინფიცირებული ავადმყოფები, აღმოაჩინეს რომ მათ ფილტვებში კტ (​კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე) კვლევაზე აღენიშნებოდათ ე.წ. ,,დაბურული მინის ‘’ ტიპის ინფილტრაციული უბნები, რომელიც ხშირად გვხვდება მძიმე COVID-19-ით დაავადებული პაციენტებში. (კტ კვლევაში მითითებული ,,დაბურული მინის ფენომენი'' ანთების მანიშნებელი ადგილებია. ) ასიმპტომური ინფექციით დაავადებულ ადამიანებზე ჩატარებული ოთხი სხვადასხვა გამოკვლევის შედეგად, ადამიანიდან დაახლოებით ნახევარს CT კვლევით დაბურული მინის ფენომენი აღენიშნა.

ყველას გვახსოვთ, ალბათ,  Diamond Princess საკრუიზო გემი მგზავრებით, რომელიც იაპონიის სანაპიროდან 2 კვირის განმავლობაში მოექცნენ საკარანტინო სივრცეში.  საბოლოო ჯამში, 712 მგზავრი დადებითი ტესტი აღმოჩნდა. თითქმის ნახევარს, 331-ს, არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. მათ შორის ასიმპტომურ 76 ადამიანს ფილტვებს კტ კვლევისას გამოუვლინდათ დაბურული მინის ტიპის ინფლიტრაცია,  თუმცა მათ იმდენი ზიანი არ მიადგათ, როგორც სიმპტომების მქონე ადამიანებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ დასჭირდათ მედიკამენტოზური ჩარევა. 

ეს გამოვლინდა როგორც ახალგაზრდა ასევე ბავშვთას ასაკის პაციენტებში. ასაკი, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს დაავადების უსიმპტომოობის ხარისხზე, ასიმპტომური შემთხვევები ყველაზე მაღალია 6-დან 13-წლამდე ასაკის ბავშვებში. ასიმპტომური შემთხვევები უფრო იშვიათია, მაგრამ მაინც გვხვდება 25%  0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და 14-დან 20-წლამდე თინეიჯერებში.

ასიმპტომურად ინფიცირებულ პირებს ვირუსის გადაცემის გაცილებით ნაკლები ალბათობა აქვთ, ვიდრე სიმპტომების მქონეს.

მსუბუქი COVID-19

მსუბუქი კოვიდ დადებითობის დროს ვირუსი გავლენას ახდენს ძირითადად თქვენს ზედა სასუნთქ გზებზე და ვერ აღწევს ფილტვებამდე.

ძირითადი სიმპტომებია:

ტემპერატურა, ხველებით ან მის გარეშე.

მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ გრიპის მსგავსი სიმპტომები. ეს შეიძლება გამოიხატოს მშრალი ხველით და დაბალი ტემპერატურით, მაგრამ ცხელებამ შეიძლება არ მიაღწიოს 37,8 ° C- ს. შეიძლება, ხველება საერთოდ არ აღინიშნებოდეს. პაციენტებმა შეიძლება შეამჩნიონ ფიზიკური ვარჯიშის დროს ცოტა სუნთქვა შეზღუდვის შეგრძნება, მაგრამ მათ არ აქვთ სუნთქვის გაძნელება საყოფაცხოვრებო საქმიანობის დროს.

COVID-19 სიმპტომური სიმპტომების უმეტესობა (81%) მსუბუქად რჩება და მსუბუქი სიმძიმისაა. ამასთან, მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებს შეიძლება, გაუუარესდეს მდგომარეობა, ზოგჯერ სწრაფად, ეს უმეტესად მოსალოდნელია რისკ ჯგუფებში.

როდის უნდა მიმართონ დახმარებას?

მსუბუქი ან ასიმპტომური ინფექციით დაავადებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჭირდება სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სიმპტომების მკურნალობა სახლში შეუძლიათ. არსებობს რამდენიმე გარემოება, როდესაც რისკ ჯგუფებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ესენია:

  • 65+ წელი და მეტი ასაკი
  • გაქვთ გულის,
  • ფილტვების ან თირკმელების მნიშვნელოვანი დაავადება ან იმუნური სისტემის უკმარისობა.
  • იღებთ პერორალურ სტეროიდებს
  • ჩატარებული გაქვთ ორგანოს გადანერგვა

რა განსხვავებაა COVID-19– სთან შედარებით ასიმპტომური ან პრე-სიმპტომატური ადამიანების შორის?

განსხვავება იმაშია, რომ ასიმპტომური გულისხმობს ინფიცირებულ ადამიანებს, მაგრამ ინფექციის პერიოდში არ უვითარდებათ სიმპტომები, ხოლო პრე-სიმპტომატურია ადამიანი რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ სიმპტომები გამოვლენილი, მაგრამ სიმპტომების განვითარება ნელ ნელა ეწყებათ

ეს სიმპტომები შესაძლებელია იყოს:

  • ყელის უმნიშვნელო ტკივილი
  • უმნიშვნელოდ გამოხატული სურდო
  • თავის ტკივილი
  • სიცხე, რომელიც არ აღწევს 37.8 ° C
  • ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა
  • დაღლილობა,
  • კუნთების ტკივილი ან თავის ტკივილი
  • არ გაქვთ დაქვეითებული მადა
(პრე- სიმპტომატურ მდგომარეობაში უმეტესობას არ აღენიშნება ყელის ტკივილი სურდო
მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს.)

პრე-სიმპტომური ფაზისათვის დამახასიათებელია უცაბედი დეპრესიისკენ მიდრეკილება - უმიზეზო ტირილი,
როგორც წესი, სიმპტომები დაახლოებით 7-10 დღეს გრძელდება.
მსუბუქი COVID-19 ვირუსი გავლენას ახდენს ძირითადად თქვენს ზედა სასუნთქ გზებზე,
ძირითადი სიმპტომებია:

  • ტემპერატურა, ხველებით ან მის გარეშე
მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ გრიპის მსგავსი სიმპტომები. ეს შეიძლება შეიცავდეს მშრალ ხველას და დაბალ ტემპერატურებს, ცხელებამ შეიძლება არ მიაღწიოს 37,8 ° C- ს და ზოგჯერ შეიძლება იყოს ხველა მცირე ან საერთოდ არ იყოს.
პაციენტებმა შეიძლება შეამჩნიონ ფიზიკური ვარჯიშის დროს ოდნავ სუნთქვითი გაძნელების შეგრძნება.

მსუბუქი COVID-19:

ამასთან, მსუბუქი ან ასიმპტომური ინფექციით დაავადებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჭირდება სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და სიმპტომების მკურნალობა სახლში შეუძლიათ.

მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გადაცემა უმეტესად ხდება ''სიმპტომური'' ადამიანებისგან ახლო კონტაქტის შედეგად.

შესაბამისად, ჯანმოს რეკომენდაციების უმეტესობა დაცვითი ზომების შესახებ (მაგალითად, ნიღბების გამოყენება და ფიზიკური დისტანცია) ემყარება სიმპტომურ პაციენტებს, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების ჩათვლით.

რამდენად მიზანშეწონილია ინჰალაციის გაკეთება ფიზიოლოგიური ხსნარით ამ დაავადების დროს?

თქვენით ინჰალაცია არ გაიკეთოთ სახლში, სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში. პოტენციურად, ნებისმიერი ასეთი პროცედურა, რომელსაც სხვა შემთხვევაში გაიკეთებდით, არის აეროზულ წარმომქმნელი, ანუ თუ ვირუსი გაქვთ ცხვირ-ხახაში და ინჰალაციას იკეთებთ, ამით ზრდით შანსს, რომ ვირუსი უფრო შორ მანძილზე გადავიდეს და გავრცელდეს თქვენს გარშემო.

თქვენ შეიძლება, ინჰალაციამ არ დაგაზიანოთ და გიშველოთ, მაგრამ საფრთხის ქვეშ აგდებთ სხვებს, თქვენ გარშემო მყოფებს, ოჯახის წევრებს და ა.შ.

P.S მსუბუქი მიმდინარეობის დროს, თუ ადამიანს ინფექცია არ გაურთულდა დაახლოებით ორ კვირაში გამოჯანმრთელდება კლინიკურად!

P.S თუ დაავადება არის საშუალო სიმძიმის და მძიმე შეიძლება გამოჯანმრთელების პერიოდი სამი კვირიდან ექვს კვირამდეც გაგრძელდეს. ( სიმპტომები: სიცხე. თავისა და ზურგის ტკივილი, გულმკერდის ტკივილი და სხვა. )

წაიკითხეთ სრულად