„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ნებისმიერ ინფექციურ დაავადებას ძველად ბატონებს ეძახდნენ და უმღეროდნენ. სითბო, სიტკბო არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ღირებული,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა
ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა პანდემიის პირობებში ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრობს. ქალბატონმა ნანამ თავადაც გადაიტანა კორონავირუსი. ის საავადმყოფოში ყოფნის დღეებს იხსენებს და ექიმებისადმი მადლიერებას გამოხატავს:
„მე არ მინდა არაფერ ნეგატიურზე ვილაპარაკო. არ მინდა ვილაპარაკო ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ნიჰილისტურ, განმაქიქებელ დამოკიდებულებაზე ექიმების მიმართ, რადგან ექიმების ღვაწლმა ეს ნიჰილიზმი გადაფარა და გაანულა. მათი შრომის შედეგები სახეზეა. ჩემთან სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში აღმოჩნდა უნიღბოდ ადამიანი, არაჩვეულებრივი ბიჭი. 10-15 წუთის განმავლობაში ვეუბნებოდი, რომ გაეკეთებინა ნიღაბი და როგორც იქნა, გაიკეთა, მაგრამ დავინფიცირდი, მიუხედავად იმისა, რომ მე მეკეთა ნიღაბი. ნიღბის მნიშვნელობას ნუ უგულებელყოფთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავად ჩემს ოჯახში, ჩემთან მოსულ ადამიანებს, არცერთ მათგანს ჩემგან არ ერგოთ დაინფიცირება წილად. იმიტომ, რომ მე მუდმივად ნიღბით ვიმყოფებოდი. აუცილებლობის შეცნობა გვკარნახობს ზრდასრულ, გონიერ ადამიანებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ.“
ნანა ჩაჩუას თქმით, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა:
„მე აღმოვჩდნი არაჩვეულებრივ ექიმებთან. ვიყავი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მოღვაწეობს ბატონი ლევან რატიანი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მოღვაწეობს. ექიმები ყველანაირად აკეთებდნენ რას? ის კი არა, რომ მედიკამენტები შეერჩიათ, ეს ერთი თემაა, ლევან რატიანი რომ შემოდიოდა პალატაში, სიცოცხლე შემოჰქონდა. ასე იყო თითოეული ექიმი. იმისთვის, რომ კარგი ექიმი იყო, მხოლოდ განათლების მიღება და დიპლომის ჯიბეში ჩადება, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. თუ კარგი პიროვნება ხარ, კარგი ექიმი ხარ, კარგი პედაგოგი ხარ, კარგი ჟურნალისტი ხარ, კარგი მეზობელი ხარ.“
ნანა ჩაჩუა აცხადებს, რომ ადამიანებს, რომლებსაც კოვიდის არ სჯერათ, ნევროტული შიში აქვთ:
„როდესაც ადამიანებს კოვიდის არსებობის არ სჯერათ, ეს არის შიში. შიში არის ნევროტული, მორალური და რეალური. როდესაც შიში ნევროტულია, რეალობიდან გარბიხარ. ეს ყველაზე ყოვლისმომცველი შიშია. ორსულებს მარტივად გადააქვთ ვირუსი, რადგან დედობრივი სიყვარული უპირობო სიყვარულია, ორსულ ქალს მომავლის პერსპექტივა აქვს, მას ყველა და ყველაფერი უყვარს. ნებისმიერ ინფექციურ დაავადებას ძველად ბატონებს ეძახდნენ და უმღეროდნენ. მე მინდა ვთხოვო ახლობლებს, ოჯახის წევრებს, ყველას, ვისთანაც შესაძლოა აღმოჩნდეს კოვიდის მომენტი, დატკბნენ. სითბო, სიტკბო არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ღირებული. პალატაში რომ ვიყავი და ტელევიზიიდან დამირეკეს, ეგონათ, რომ ვხუმრობი, იქიდან ისეთი მხიარულების ხმები ისმოდა. ეს არის გადამწყვეტი.“
ნანა ჩაჩუას თქმით, ადამიანმა საკუთარი თავის სიყვარული არ უნდა დაკარგოს:
„ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის მნიშვნელობად გრძნობს, სამყაროს კეთილგანწყობილად აღიქვამს. ჩვენ როდესაც საკუთარი თავის მნიშვნელობას ვკარგავთ, ვკარგავთ ყველაფერს. ადამიანს უნდა უყვარდეს საკუთარი თავი. ადამიანი არის უპირველეს ყოვლისა ფსიქოლოგიური არსება. ადამიანი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური. ერთ ფსიქოლოგიურ ამბავს მოგიყვებით. ორი კაცი ზის საკანში, პირველი ღამეა, საკანს გისოსები აქვს პატარა. იქიდან ჩანს ზეცა, რომელიც ვარსკვლავებითაა მოჭედილი. ამ ორი კაციდან ერთი ხედავს გისოსებს, მეორე ვარკვლავებით მოჭედილ ზეცას. სადაც უნდა იყო, რასაც უნდა აკეთებდე, მთავარია რას ხედავ. ადამიანებმა უნდა უყურონ საინფორმაციოებს, მიიღონ რეალობა, აიღონ პასუხისმგებლობა და ამ რეალობიდან ვარსკვლავები დაინახონ.“
„რეალობა არის ერთი, ის არ არის სხვადასხვანაირი. სინამდვილეს თვალი უნდა გაუსწორო. ილუზია კი არ უნდა შექმნა. აკრძალვას თუ აკრძალვას დავარქმევთ, მაშინ აკრძალვაა, მაგრამ თუ აუცილებლობას დავარქმევთ, მაშინ არა. ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს, ვიცავთ სიცოცხლეს. ხშირად ლაპარაკობენ: „ეკონომიკა, ეკონომიკა, ეკონომიკა.“ მინდა ყველას გასაგებად ვთქვა, მომაკვდავი შვილის სარეცელთან დედა არაფერზე ფიქრობს, გარდა ერთისა, სიცოცხლეზე. ახლა არის სიცოცხლის დრო. ნუ მოკლავთ საკუთარ თავში ადამიანს. ადამიანი არის ერთადერთი არსება ამ სამყაროში, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს სიცოცხლეზე. შენ რომ ადამიანად გაჩნდი, შენ რომ ხარ ადამიანი, ერთადერთი არსება, რომელსაც მოგეთხოვება პასუხი სიცოცხლეზე, შენ უნდა აიღო ეს პასუხისმგებლობა. ამას ვერ გაექცევი, ვერსად გაექცევი. ამიტომაც თქვა სარტრმა: „ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით.“ ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ეს წყევლა,“ - აცხადებს ნანა ჩაჩუა.