„მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს“
როდის ვსაუბრობთ მამაკაცისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობაზე, რა არის მიზეზები და ექვემდებარება თუ არა მკურნალობას? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ესაუბრა რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, თსუ-ის დოქტორანტი, ლელა ირემაძე.
- უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის, მამაკაცის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი გახლავთ, უფრო მეტიც, თავისი პროცენტული მაჩვენებლით თითქმის უტოლდება ქალისმიერი ფაქტორით გამოწვეულ უნაყოფობას და საშუალოდ 40%-ს შეადგენს.
დღეისათვის, მსოფლიოში ყოველი მე-7 რეპროდუქციული წყვილი უნაყოფოა, 2-3 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10-დან 1-ს შეადგენდა. აღნიშნული მიუთიუთებს პროცესის ზრდაზე. ხეშლემწყობ მიზეზებს შორის, მძიმე ეკოლოგიური ვითარება და არახელსაყრელი სოციალური ფაქტორები მოიაზრება. ამ მხრივ, ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი.
- ძირითადად რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი?
- მამაკაცის უნაყოფობა არის მამაკაცის მიზეზით ქალის დაორსულების შეუძლებლობა. გამომწვევი მიზეზი მრავალია, მათ შორის წამყვანი გახლავთ:
იდიოპათიური;
გენეტიკური;
ენდოკრინული;
ვარიკოცელე;
იმუნოლოგიური;
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
შარდ-სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები და სხვა.
იდიოპათიური ანუ გაურკვეველი გენეზის ფაქტორი - ყველაზე ფართოდ გვხვდება სხვა მიზეზებს შორის და შემთხვევათა 40-50%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, გარდა სპერმოგრამისა, სხვა სისტემებში დარღვევა პრაქტიკულად არ არსებობს.
გენეტიკური ფაქტორი - მამაკაცისმიერი უნაყოფობის გამომწვევი მიზეზების შემთხვევაში 20-30-%-ში გვხვდება, იგი გულისხმობს ქრომოსომულ დარღვევას (რაოდენობრივი, სტრუქტურული), მონოგენური დაავადებების (ცისტური ფობროზი) არსებობას, მიტოქონდრიულ მუტაციებს, გენეტიკურად განპირობებულ ენდოკრინულ დარღვევებს.
ენდოკრინული ფაქტორი - მნიშვნელოვანი მიზეზია სხვა ფაქტორებს შორის, გვხდება 25-30%-ში. ენდოკრინული დარღვევებიდან ხშირია - ჰიპერპოლაქტინემია, ჰიპო/ჰიპერთირეოზი, ინსულინრეზისტენტობა ასოცირებული ჭარბ წონასთან/სიმსუქნესთან და სხვა.
ვარიკოცელე- ზოგად პოპულაციაში გვხვდება მამაკაცთა 15-16%-ში, ხოლო უნაყოფო მამაკაცების 30-35%-ში. უნაყოფობის შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობის სტრატეგია (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია მის ხარისხზე და პაციენტის ჩივილებზე (ტკივილი, დისკომფორტი სათესლე ჯირკვლების პროექციაზე). მსუბუქი ხარისხის და/ან ასიმპტომური ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
სხვა მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია - ჭარბი ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, ფიზიკური/სპორტული ზედატვირთვა, დღე-ღამური ბიორიტმის (ძილ-ღვიძილის საათები) დარღვევა, ანამნეზში ჩატარებული ქიმიოთერაპია და სხვა.
- რა კვლევებია საჭირო მამაკაცის შემთხვევაში?
- პირველი რიგის კვლევა გახლავთ სპერმოგრამა (სპერმოგრამა - ეაკულატის (სათესლე სითხის) გამოკვლევაა), რომლის ჩატარებას, მიღებული შედეგის სწორად შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ბოლო რეკომენდაციის მიხედვით, ნორმალური სპერმოგრამის პარამეტრებია:
- საჭიროა თუ არა ანალიზისთვის სპეციალური მომზადება?
- დიახ, საჭიროა სპეციალური მომზადება. ამ შემთხვევაში მამაკაცმა სქესობრივი ცხოვრებისა და მასტურბაციისგან <2 და >5 დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს. ამ პერიოდში რეკომენდებულია შეიზღუდოს ჭარბი ალკოჰოლი, სპეციფიკური მედიკამენტები.
სპერმოგრამის შედეგის მიხედვით განისაზღვრება სხვა დამატებითი კვლევების საჭიროება, როგორებიცაა: სათესლე ჯირკვლების ულტრასონოგრაფია, ჰორმონული ანალიზები, კარიოტიპირება, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები და სხვა.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?
- მკურნალობის მენეჯმენტი (მედიკამენტური, ქირურგიული) დამოკიდებულია უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებზე, ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის სწორ და დროულ დიაგნოსტიკას. ხშირად მსუბუქი დარღვევების დროული გასწორების შემდეგ, მოკლე დროში, წყვილი ბუნებრივი გზით იღებს ორსულობას. საჭიროების შემთხვევაში მოწოდებულია ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI), როდესაც სახეზეა: საშუალო ან მძიმე დარღევა სპერმოგრამაში, ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული აზოოსპერმია, ანამნეზი წარუმატებელი მედიკამენტური თერაპია, წარუმატებელი საშვილოსნოსშიდა ინსემინაციები და სხვა.
დღეისათვის, რეპროდუქტოლოგიის განვითარებამ პრაქტიკულად გადაწყვიტა წყვილის უნაყოფობის პრობლემა. თითქმის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები, მათ შორის მამაკაცთა უნაყოფობის თვალსაზრისით. მძიმე დარღვევების არსებობისას ინ ვიტრო (IVF/ICSI) განაყოფიერების ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია წყვილმა იყოლიოს საკუთრი გენეტიკური შვილი.
პროგნოზი განისაზღვრება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით, მათ შორის წამყვანია:
სპერმოგრამის დარღვევის ტიპი (მსუბუქი, საშუალო, მძიმე); უნაყოფობის ხანგრძლივობა); უნაყოფობის ტიპი (პირველადი, მეორადი); პარტნიორის (ქალი) ასაკი, მისი ფერტილიზაციის სტატუსი.
ექიმის მიერ პროგნოზის სწორად განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყვილის წარმატებაში.
ამჟამად მამაკაცის უნაყოფობის ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი, მაშინაც კი, როდესაც საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან (ობსტრუქციული (ეაკულატში სპერმატოზოიდები არ არსებობა). დამხმარე ქირურგიული ტექნოლოგიის გზით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლებიდან ან მისი დანამატიდან სპერმატოზოიდების ან მისი წარმომქმნელი უჯრედების აღება და გამოყენება, ინ ვიტრო განაყოფიერებითვის (IVF/ICSI). არაობსტრუქციული აზოოსპერმიის შემთხვევაში რეკომენდებულია სპერმ-დონაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF/ICSI).
მამაკაცის უნაყოფობის შემთხვევაში ასევე კეთდება საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია (საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას), თუ არის შემდეგი ჩვენება:
გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა;
მსუბუქი დარღვევა სპერმოგრამაში;
გაიშვიათებული სქესობრივი კავშირი;
პოტენციის დაქვეითება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვი ამბობს: „იმას არ ვჭამ, ამას არ ვჭამ,“ მას გასდის ეს მშობლებთან და იმიტომ არ ჭამს,“ ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა
ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა უჭმელი ბავშვების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მშობლები უჭმელს უწოდებენ ისეთ ბავშვს, რომელიც ჯანსაღ საკვებს არ მიირთმევს:
„რას ნიშნავს უჭმელი ბავშვი, ჩემთვის ეს გაუგებარია. ეს არის ბავშვი, რომელსაც წონა აკლია? ეს არის ბავშვი რომელიც არ ჭამს ან არ ჭამს კონკრეტულ პროდუქტს? ბავშვზე ხშირად ამბობენ, რომ უჭმელია, აწონი, გაზომავ და ყველა პარამეტრში ჯდება ბავშვი, არის ჯანმრთელი. ზოგჯერ ამბობენ, რომ ბავშვი უჭმელია და მოჰყავთ ჭარბი წონის ბავშვი. გულისხმობენ, რომ ბავშვი არ ჭამს წვნიანს, მაგრამ მიირთმევს შოკოლადს. როდესაც ამბობენ, რომ ბავშვი 3-4 ლუკმაზე მეტს არ ჭამს, გააჩნია რის ლუკმებზეა საუბარი და მერე 3-4 ლუკმა განა ცოტაა?! შეიძლება ეს ბევრიც კი იყოს. თვალით შეგიძლიათ ბავშვის წონის შემოწმება. თუ ნეკნები უჩანს, ეს არ არის კარგი, ღიპიც არ უნდა ჰქონდეს ბავშვს. მნიშვნელოვანია, ბავშვი აქტიურია თუ არა, როგორ გრძნობს თავს.“
ირაკლი ფაღავა ბავშვის კვებითი ჩვევების დარღვევაში მშობლის წვლილზე საუბრობს:
„ხშირად ამბობენ, რომ ბავშვი უჭმელია, რადგან ჯანსაღ საჭმელს არ ჭამს. მშობლებიც ეუბნებიან: „კარგი, შვილო, თუ არ გინდა, აი, ხაჭაპური აიღე და ჭამე!“ ესეც არასწორია. ბავშვს უნდა გავაგებინოთ, რომ ის ან შეჭამს ჯანსაღ სადილს, ან დარჩება უჭმელი. თუ ბავშვი ერთი თვის განმავლობაში წონას არ იკლებს და არაფერს ჭამს, ეს ადამიანის ახალი სახეობაა. მე პირადად ასეთი რამის არ მჯერა. როდესაც ამბობენ, რომ ბავშვი უჭმელია, ირკვევა, რომ არ ჭამს ჯანსაღ საკვებს, სამაგიეროდ მშვენივრად ჭამს შოკოლადებს და კანფეტებს“
ირაკლი ფაღავას თქმით, ბავშვი ჯანსაღ კვებას ადრეული ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ:
„ბავშვი ბოსტნეულს და ჯანსაღ კვებას უნდა დავაჩვიოთ ძალიან ადრეული ასაკიდან. 7-8 თვის ასაკში ბავშვს უნდა გავასინჯოთ ბოსტნეული. თუ ის ამ ასაკში არ გასინჯავს ბოსტნეულს, მერე უჭირს შეგუება. ოჯახების უმრავლესობისთვის ეს ეტაპი უკვე ჩავლილია. ბავშვი არის გაზრდილი და არ ჭამს. ამ შემთხვევაში ძალიან დიქტატორული მიდგომა არაა საჭირო, ძალიან ნუ დავსტრესავთ ბავშვს, ყველაფერი უნდა მოხდეს შეთანხმების საფუძველზე. უთხარით ბავშვს: „რაღაც ხათრს ჩვენც გიწევთ, შენც უნდა გაგვიწიო. ყოველდღიურად თუ არა, ხილი და ბოსტნეული დრო და დრო მაინც უნდა შეჭამო. არსებობს მწარე წამლები, ნემსები, ოყნები. ბავშვი რომ არ ჭამს ხილს და ბოსტნეულს შეკრულობა ემართება, სჭირდება ოყნები. ამის მაგივრად დღეში ერთხელ ხილი და ბოსტნეული მივირთვათ, როგორც წამალი.“ საავადმყოფოში დიდი გამოცდილება მაქვს, რომ დიაბეტის მქონე ბავშვებს, საწყის ეტაპზე საკმაოდ მკაცრი დიეტა სჭირდებათ. საწყენად არ მიიღოს მშობელმა, მაგრამ ზოგი ბავშვი მოდის ძალიან გაფუჭებული. ამბობს: „იმას არ ვჭამ, ამას არ ვჭამ.“ ბავშვი ხვდება, რომ აქ მისი ოინბაზობის დრო არ არის, მშვენივრად იწყებს ის ბოსტნეულის ჭამასაც.“
„თუ არ ჩავთვლით უიშვიათეს შემთხვევებს, როდესაც აუტანლობაა პროდუქტის, უმეტესად ბავშვს გასდის ეს და არ ჭამს. მას ურჩევნია ჭამოს შოკოლადი, ვიდრე ბოსტნეული. ოჯახების უმრავლესობაში სადილის დროს არის სამი-ოთხი კომპონენტი საკვებში. ეს სავსებით მისაღებია. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ დღეში რამდენჯერმე უნდა ჭამოს. ბავშვს უნდა ვუჩვენოთ პირადი მაგალითი. თუ ის ხედავს, რომ მშობელი გარკვეული პროდუქტების მეტს არაფერს ჭამს, ნაკლები ალბათობაა, რომ მან გასინჯოს სხვა საკვები. ჩემი დაკვირვებით ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ. ცოტას რომ მოძრაობენ, არ შივდებათ. აბა რეალურად ფიზიკურად დაღლილი, დაქანცული ბავშვი რომ მოვიდეს, ის ყველაფერს გადასანსლავს. თუ ყველაფერს არა, ბევრ რამეს მიირთმევს,“ - აღნიშნავს ირაკლი ფაღავა.