Baby Bag

პაპილომა ვირუსი ორსულობის დროს

პაპილომა ვირუსი ორსულობის დროს

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ორსულობის დროს პაპილომა ვირუსზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

პიპილომა ვირუსი ფართოდ გავცელებული დაავადებაა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შორის. პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია არ არის რეკომენდირებული ორსულ ქალებში.

რა არის პაპილომა ვირუსი ? ( HPV-ვირუსი)

პაპილომა ვირუსით ინფიცირება ხდება ორალური, ანალური და ვაგინალური სქესობრივი აქტის დროს. არსებობს 150 მდე HPV-ვირუსის ტიპი. უმეტესობა მათგანი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და არ იწვევს არანაირ ჩივილებს. 40-მდე შტამს შეუძლია დააზიანოს სასქესო ორგანოები და გამოიწვიოს შემდეგი ორგანოების წვეტიანი კონდილოები ან კიბო:

  • საშვილოსნოს ყელი
  • საშო
  • ვულვა
  • ასო
  • ანუსი
    ​
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით შექმნილია ვაქცინა HPV-ვირუსის საწინააღმდეგოდ, რომელიც გამიზნულია საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ პაპილომა ვირუსის კონკრეტულ შტამებზე. თუმცა ზემოთ აღნიშნული ვაქცინაცია არ არის რეკომენდირებული უშუალოდ ორსულობის დროს, ვინაიდან პაპილომა ვირუსი ორსულობის დროს არ იწვევს გართულებებს, თუმცა არსებობს იშვიათ შემთხვევები, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
​
რა სიმტომები ახასიათებს HPV-ვირუსს?

შესაძლებელია არანაირი სიმპტომი არ გაწუხებდეთ. ყველაზე ხშირი სიმპტომია მეჭეჭებისა და წვეტიანი კონდილომების გაჩენა. წვეტიანი კონდილომები ქალებში ჩნდება ვულვაზე, საშოში, საშვილოსნოს ყელზე, ანუსზე. რაც შეეხება მეჭეჭებს, ძირითადად ვითარდება ხელის მტევნებსა და იდაყვებზე.

ავთვისებიანობის გამოსარიცხად ტარდება პაპილომა ვირურის ტიპირება. ავთვისებიანობის შემთხვევაში თავიდან დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, შემდეგ კი იწყება:

  • ანომალური სისხლდენა საშოდან
  • ჭარბი სისხლიანი გამონადენი საშოდან, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს
  • გამონადენი საშოდან, რომელიც შეიცავს სისხლის ნაწილაკებს
  • მტკივნეული სექსუალური აქტი
    ​
როგორ ხდება პაპილომა ვირუსის დიაგნოსტირება ორსულობის დროს?

მეან-გინეკოლოგების უმეტესობა არ ატარებს პაპილომა ვირუსის ტესტირებას ორსულობისას, თუ ორსულს არ აღენიშნება წვეტიანი კონდილომები და მეჭეჭები, ან პაპ ტესტის პასუხში არ ფიქსირდება HPV-ვირუსი.

როგორია პაპილომა ვირუსის მკურნალობა ორსულობის დროს?

ამ ეტაპზე პაპილომა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი არ არსებობს. მკურნალობა მიმართულია მხოლოდ სიმპტომების ალაგებაზე. შესაძლებელია მეჭეჭებისა და კონდილომების მოყინვა თხევადი აზოტით - კრიოდესტრუქცია, ან მოწვა - ელექტროკაუტერიზაცია.

ახდენს თუ არა წვეტიანი კონდილომები გავლენას მშობიარობაზე?

წვეტიანი კონდილომები ძირითადად შემთხვევაში არ ავლენენ გავლენას ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე, თუმცა თუ კონდილომები ორსულობის განმავლობაში იზრდება დიდ ზომებამდე და არის სისხლმდენი, ამ შემთხვევაში შესაძლოა, გადაწყდეს მშობიარობის დასრულება საკეისრო კვეთის გზით.

შესაძლებელია თუ არა პაპილომა ვირუსით ნაყოფის ინფიცირება?

იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ნაყოფი დაინფიცირდეს მშობიარობის დროს, უმეტეს შემთხვევაში არანაირი მკურნალობა ახალშობილს არ უტარდება.
რთულ შემთხვევებში წვეტიანი კონდილომები შეიძლება ახალშობილს გაუჩნდეს ხორხზე და სახმო იოგებზე. მკურნალობა მიმართულია წარმონაქმნის ქირურგიულ ამოკვეთაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


​

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვაგინალური ექოსკოპია არანაირად არ იწვევს ორსულობის შეწყვეტას და გვაძლევს უფრო ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას ორსულობის ადრეულ ვადაზე“

„ვაგინალური ექოსკოპია არანაირად არ იწვევს ორსულობის შეწყვეტას და გვაძლევს უფრო ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას ორსულობის ადრეულ ვადაზე“

რამდენი ვიზიტია საჭირო რადიოლოგთან ორსულობის დროს და რა პერიოდებში? - ამ და სხვა საკითხებზე ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი რადიოლოგი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო დათოშვილი.

- რამდენი ვიზიტია საჭირო ორსულობის დროს რადიოლოგთან და რა პერიოდებში?

- ორსულმა პირველად, ექოსკოპიური კვლევის ჩასატარებლად, რადიოლოგს უნდა მიმართოს მენსტრუაციული ციკლის გადაცდენიდან 3-5 დღეში, როგორც კი ორსულობის ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს. თუ ამ დროს საშვილოსნოს ღრუში სანაყოფე პარკი არ გამოჩნდა, 7-დან 10 დღეში ორსული უნდა დავიბაროთ განმეორებითი კვლევისთვის, რომ დავრწმუნდეთ ორსულობა ნამდვილად საშვილოსნოს ღრუშია და არა ფალოპის მილში, რასაც საშვილოსნოს გარე ორსულობა ეწოდება. ეს დედის სიცოცხლისათვის საშიშროებას წარმოადგენს, შესაბამისად, დროულად უნდა იყოს დასმული დიაგნოზი. ასეთი პაციენტები ხშირ შემთხვევაში სასწრაფოდ საოპერაციო არიან.

როდესაც საშვილოსნოს ღრუში სანაყოფე პარკს (ერთს, ორს ან სამს - ტყუპის შემთხვევაში) დავინახავთ, რაც 4-5 კვირის ვადაზე ჩანს, უკვე ორსულობის დადასტურება შეგვიძლია. ორსულობის მე-5/6 კვირიდან ემბრიონის გულისცემის მოსმენა უკვე შესაძლებელია. შემდეგი აუცილებელი გეგმიური ვიზიტი მე-11/13 კვირას ინიშნება, რადგან „კისრის ნაოჭი“ და „ცხვირის ძვალი“ შეფასდეს, რაც თანმხლები, მეტად მნიშვნელოვანი მარკერებია ნაყოფის ქრომოსომული ანომალიების დასადგენად ან გამოსარიცხად. ამის შემდეგი ვიზიტი მე-20-22 კვირაზე ინიშნება ნაყოფის ორგანოების დასათვალიერებლად, ასევე პლაცენტისა და ნაყოფის სისხლით მომარაგების შესაფასებლად. მომდევნო რუტინული ვიზიტი 30-32 კვირაზე ტარდება, რათა დადგინდეს ნაყოფის წონა - ხომ არ არის ჩამორჩენა, ასევე, ფასდება ორგანოების განვითარება და სისხლის მიწოდების ხარისხი. და ბოლოს, 36 კვირის ვადაზე მოახლოებული მშობიარობის ან საკეისრო კვეთის სავარუდო ვადის დადგენა ხდება. დავამატებ, რომ თუ ორსულობა მიმდინარეობს რაიმე გართულებით, ულტრაბგერითი კვლევა ტარდება სხვა ვადებზეც.

- არსებობს მოსაზრება, რომ ხშირი ვიზიტი ნაყოფის განვითარებისთვის საშიშია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

- ორსულობის დროს ხშირი ულტრაბგერითი გამოკვლევა არ არის საშიში ნაყოფის განვითარებისთვის. ორსულმა იმდენჯერ უნდა მიმართოს რადიოლოგს, რამდენჯერაც საჭიროება იქნება.

- ასევე ამბობენ, რომ ექოსკოპია ვაგინალურ მუცლის მოშლას იწვევს, ამაზეც რომ ვისაუბროთ.

- ვაგინალური ექოსკოპია არანაირად არ იწვევს ორსულობის შეწყვეტას და გვაძლევს უფრო ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას ორსულობის ადრეულ ვადაზე.

- როდიდან ისმის გულისცემა?

- ემბრიონის გულისცემა ისმის მე-5 კვირიდან.

- სქესის გაგება რომელი კვირიდან არის შესაძლებელი?

- ზუსტად ნაყოფის სქესის დადგენა 16 კვირის ვადაზე ხდება, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში 12 კვირიდან უკვე შესაძლებელია სქესის დიფერენცირება, რაშიც ექოსკოპისტს ეხმარება 4D გამოსახულების ბოლო თაობის ექოსკოპიის აპარატურა.

- პრაქტიკიდან რაიმე უჩვეულო შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებდით?

- მოგვმართა პაციენტმა რომელსაც აღენიშნებოდა 16 წლის უნაყოფობა, ჩავუტარეთ საშვილოსნოს მილების გამოკვლევა - ჰისტეროსაპინგოგრაფია და იმავე თვეში დაორსულდა. ამ კვლევის დროს ხდება არამარტო მილების დათვალიერება, არამედ მას სამკურნალო ეფექტიც გააჩნია, რაზეც მიგვითითებს სპონტანური ორსულობის მრავალი შემთხვევა გამოკვლევის ჩატარებისთანავე უმოკლეს დროში.

- მშობიარობის შემდგომ რამდენ ხანშია რეკომენდებული ვიზიტი?

- მშობიარობის შემდგომ ექოსკოპიაზე ვიზიტი რეკომენდებულია ერთ თვეში, საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, სისხლდენის დროს კი მშობიარობის დღესვეა რეკომენდებული.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად