Baby Bag

„პირადი ექიმის გარეშე პური რაციონიდან არ ამოიღოთ,“- ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა

ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ ადამიანის საკვებ რაციონში პურის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება იყოს მამაკაცი, მოზარდი, ქალი. შავი პურის მირთმევა ყველას შეუძლია. თუ ადამიანს წონის პრობლემა არ აქვს, 100-180 გრამი დღეში შეუძლია მიირთვას. მით უმეტეს, როდესაც არის გვიანი შემოდგომა, ზამთარი, როდესაც ადამიანს სჭირდება ნოყიერი კვება. პურის მირთმევას ვურჩევდი განსაკუთრებით დილით. საუზმე თუ არის ნოყიერი, მერე მთელი დღე ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს.

შავი პური ძალიან მდიდარია B ვიტამინებით. B ვიტამინი ჩვენს ნერვულ სისტემას ძალიან სჭირდება. ის ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ის მდიდარია მაგნიუმითა და რკინით. მაგნიუმი ასევე კარგია ნერვული სისტემისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ უყვარს ხორცი, არის ვეგეტარიანელი, შავი პურის მირთმევა სასურველია.

ბავშვი თუ ალერგიული არ არის, 3 წლიდან შეგვიძლია მივცეთ. მე მყავს 3 წლის ოჯახის წევრი და ჩვენ უკვე ვაძლევთ მას შავ პურს. ქართულ სამზარეულოში პური ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი. ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტის პრობლემა, მათთვის უნდა ამოვიღოთ რაციონიდან თეთრი პური. ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში, არ არის საჭირო რაციონიდან პურის სრულად ამოღება. მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება პურის ამოღება, მხოლოდ მოკლე პერიოდით, თუ რაციონი მდიდარია წიწიბურათი, ბრინჯით ან სხვა ბურღულეულით. მე მაინც ვურჩევ, რომ პირადი ექიმის გარეშე პური რაციონიდან არ ამოიღონ,“- აღნიშნულ საკითხზე ნატა გაგუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

გულმა რომ არასდროს შეგვაწუხოს... - არითმოლოგ როინ რეკვავას რეკომენდაციები

გულმა რომ არასდროს შეგვაწუხოს... - არითმოლოგ როინ რეკვავას რეკომენდაციები

არითმოლოგმა როინ რეკვავამ გულის დაავადებების თავიდან აცილების მიზნით საინტერესო რჩევები შემოგვთავაზა:

„გულის პრობლემებს იწვევს გენეტიკური ფაქტორები და ჩვენზე დამოკიდებული ფაქტორები: არასწორი ცხოვრების წესი, მაღალი არტერიული წნევა, თამბაქოს მოხმარება, ბიორიტმის დარღვევა, ჭარბი მარილის მოხმარებაც კი ვნებს გულს.“

როინ რეკვავამ ის ფაქტორები დაასახელა, რომლებმაც გულის დაავადებების გაახალგაზრდავება გამოიწვია:

​გულის პრობლემების გაახალგაზრდავება გამომდინარეობს ცხოვრების წესის ცვლილებიდან. ადამიანის დაბერებასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს საერთოდ. ჭარბი წონა და თამბაქოს მოხმარება აახალგაზრდავებს ნებისმიერ გულის პრობლემას. რას უნდა მიაქციოს პაციენტმა ყურადღება? ადამიანი ამბობს, რომ თითქოს ამომივარდა გული. მსგავსი შეგრძნება თუ გაქვთ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. ერთხელ ყველას ექნება არითმია. ამის გარანტიას ყველას ვაძლევ. ეს რეგულარულ ხასიათს რომ მიიღებს, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.“

„არითმიებს ვხვდებით 0-დან 100 წლამდე. ბავშვებს უფრო თანდაყოლილი არითმიები გამოუვლინდებათ. მოზარდებს და მოზრდილებს უფრო შეძენილი სახის არითმიები. პარკუჭოვანი ტაქიკარდია ჰქვია არითმიის სახეს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი. ყველაზე გავრცელებული არითმია, რომელიც არის შენელებული ბომბი, ეს არის მოციმციმე არითმია. სამ თვეში ერთხელ ადამიანმა სასურველია ჩაიტაროს ესა თუ ის კვლევა. განსაკუთრებით გულის კვლევა. ეს არ არის ბევრი კვლევა. ესენია: ექოკარდიოგრაფია და 24-საათიანი ჰოლტერი,“ - აღნიშნულ საკითხზე როინ რეკვავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“ 

წაიკითხეთ სრულად