რამდენჯერ უნდა ეძინოს ბავშვს დღისგანმავლობაში, არის თუ არა აუცილებელი შუადღის ძილი და როგორი ძილის რუტინა უნდა ჰქონდეს პატარას, რომ ჩაძინება გავუმარტივოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დღის ძილი და რომელ ასაკში რამდენჯერ უნდა ეძინოს პატარას დღის განმავლობაში?
- ძილი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდების და მოზრდილებისთვის.
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დღის, ისე ღამის ძილი. სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია დღის ძილის ჯერადობა, დღის და ღამის ძილის ხანგრძლივობა. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებებიც.
ჩვილობის ასაკში (1 წლამდე) დღის ძილის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი, ღამის ძილის ხანგრძლივობა - 10 საათი. ამ ასაკში დღისით ბავშვები იძინებენ 2-3 ჯერ, შედარებით პატარები (2-3 თვის) 3-4 ჯერ. 1,5-2 წლის ასაკში ბავშვების უმრავლესობა დღეში 1-2 ჯერ იძინებს, დღის ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში დაახლოებით 2-2,5 საათია. ღამით სძინავთ 11-12 საათის მანძილზე.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ასაკში ძილის ხანგრძილობა ასეთია:
2-12 თვის ასაკში - საშუალოდ ძილის ხანგრძლივობა 15-16 საათია;
1-2 წ.- ძილის ხანგრძლივობა 14 საათია;
3-5 წ.- ძილის ხანგრძლივობა 10-13 საათია;
6-11 წ.- ძილის ხანგრძლივობა 9-10 საათია;
13-18 წ. - ძილის ხანგრძლივობა 8-9 საათია.
- ზოგიერთ ბავშვს არ სძინავს შუადღეზე. ეს წარმოადგენს თუ არა პრობლემას?
- 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა იძინებს დღისით. მშობლები გადაწყვეტენ ხოლმე, ბავშვი არ დააძინონ დღისით იმ მოტივით, რომ ღამით პატარამ ადრე დაიძინოს. ხშირად ეს ძილის დარღვევის მიზეზი ხდება და ბავშვები ღამითაც ვეღარ იძინებენ, ადვილად ღიზიანდებიან, ტირიან, ჭირვეულობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. საჭიროა 3 წლამდე ასაკის ბავშვი იძინებდეს დღისით, შუადღემდე და არა შუადღის შემდეგ, რომ არ მოხდეს ღამის ძილის გადავადება. ღამით ბავშვი უნდა იძინებდეს არაუგვიანეს საღამოს 9 საათისა, შესაბამისად, დილით უნდა იღვიძებდეს 8 საათზე. მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის ზუსტი დაცვა. ძილისთვის მომზადება სასურველია, დავიწყოთ ერთსა და იმავე დროს.
- როგორ გავუმარტივოთ პატარას ჩაძინება?
- პატარასთვის ჩაძინების გასამარტივებლად შესაძლოა, გამოვიყენოთ მისთვის საყვარელი რბილი სათამაშო, რომელსაც ჩაეხუტება, ასევე კარგი ვარიანტია ზღაპრის მოყოლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ძილის წინ ბავშვი მსუბუქად ვავახშმოთ და არ გადავტვირთოთ. ასევე ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, კომპიუტერული თამაშები, თუნდაც ანიმაციური ფილმების ნახვა ძილის წინ იწვევს ჩაძინების გაძნელებას. საძინებელ ოთახში სასურველია, არ იყოს ტელევიზორი. გვქონდეს სუსტი განათება, როცა ბავშვი შეიღვიძებს ღამით ადვილად უნდა გაერკვეს გარემოში და უფრო ადვილად შეიბრუნებს ძილს.
- ხელში დაძინება რამდენად მიზანშეწონილია და როცა ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ თუ არა თავის საწოლში?
- ხელში დაძინება მიზანშეწონილი არ არის. უკვე 4-5 თვის ასაკიდან ბავშვი უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად ჩაძინებას თავის საწოლში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები, რომლებიც იძინებენ დამოუკიდებლად, ასევე ადვილად შეიბრუნებენ ძილს, როცა შეიღვიძებენ არ დასჭირდებათ უფროსის დახმარება.
როცა პატარას ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ საწოლში, დავჯდეთ გვერდით რამდენიმე წუთით, მოვეფეროთ. შემდეგ დავტოვოთ, თუ კვლავ აგრძელებს ტირილს, კვლავ შევაკითხოთ და მშვიდად ვუთხრათ, რომ ძილის დროა.
- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ ჩამოუყალიბონ ბავშვს სწორი ძილის რუტინა?
- მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს ძილის რუტინა, ძილის წინ მომზადება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ეს მოიცავს, მაგალითად, ბანაობას ძილის წინ. ეს უნდა ემთხვეოდეს იმ დროს, როცა ბავშვს რეალურად ეძინება. როგორც წესი, მშობელი ამჩნევს ხოლმე როდის ეძინება პატარას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დრო არ გადავავადოთ რაიმე მიზეზით, მაგალითად, საოჯახო საქმე, სტუმრები და სხვა. ძილის დროის გადავადება იწვევს ძილის დარღვევას.
ღამის ძილზე დადებითად აისახება დღისით, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა. ამიტომ დღისით ეცადეთ, აუცილებლად გაასეირნოთ პატარა, დატვირთოთ თამაშებით, ხოლო უშუალოდ ჩაძინებამდე 1-2 საათი ბავშვი არ დატვირთოთ ფიზიკურად.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მისნაირებთან კონტაქტი ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, შეუქცევადი პროცესები განვითარდეს,“- ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი
ბავშვთა ფსიქოლოგი ნანა გოგიჩაშვილი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ბავშვებზე სტრესის გავლენის შესახებ საუბრობს:
„ბავშვობა არის განსაკუთრებული, უნიკალური პერიოდი, რომელიც არასდროს აღარ მეორდება. ბავშვი გაივლის ორ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს. პირველი კრიზისი არის სამი წლის ასაკში, როდესაც დგება სოციალიზაციის პირველი ეტაპი. ბავშვი მიდის საბავშვო ბაღში, ეცნობა თანატოლებს. შემდეგი ეტაპი არის 6 წლის ასაკი, როდესაც ბავშვი მიდის სკოლაში და ეცვლება სტატუსი. ადამიანი არის ბიო-ფსიქო-სოციალური არსება. მისნაირებთან კონტაქტი ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, შეუქცევადი პროცესები განვითარდეს, დაისტრესოს ბავშვი, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აისახოს ეს. სტრესს როგორც მაორგანიზებელი, ისე მადეზორგანიზებელი ეფექტი აქვს.“
ნანა გოგიჩაშვილის თქმით, კოვიდ-19-მა მოულოდნელად შეცვალა ბავშვების ცხოვრების წესი, რაც მათზე უდიდეს გავლენას ახდენს:
„ამ შემთხვევაში, მოულოდნელად შეიცვალა ცხოვრების წესი და რუტინა. მოხდა ბავშვის იძულებითი დისტანცირება თანატოლებისგან, მეგობრებისგან, სასკოლო სივრცისგან. არ არის პასუხი, ეს ყველაფერი არაპროგნოზირებადია. რა თქმა უნდა, ლომის წილი მოდის მშობლების კეთილგონიერებაზე. მშობლების მიერ პრობლემის აღქმასა და ბავშვამდე ინფორმაციის გასაგები ენით მიტანაზე. მშობლის განწყობა პირდაპირ გადადის ბავშვზე. ბავშვებს მათთვის გასაგებ ენაზე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რა არის პანდემია, რატომ მოუწიათ სახლში ჯდომა, რას ნიშნავს ონალინ სწავლება. დამიჯერეთ, პირველივე კვირის ბოლოს ყველა ბავშვს უნდოდა სკოლაში დაბრუნება. ბავშვები მიხვდნენ, რომ ეს არ არის კომუნიკაციის ის ფორმა, რომელიც მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. არამარტო სკოლა, სპორტის წრეები, სახელოვნებო წრეები, კომუნიკაციის ყველა ფორმატი აღიკვეთა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დადო ოფიციალური სტატისტიკა, რომ ოჯახურმა ძალადობამ მოიმატა. ეს საქართველოზეც აისახა. უცბად ერთ სივრცეში რამდენიმე ადამიანი ჩაიკეტა.“
ნანა გოგიჩაშვილი აღნიშნავს, რომ სკოლის ჩაკეტვა სოციალური დისტანცირების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია:
„სკოლის ჩაკეტვა მოცემულ ეტაპზე არის სოციალური დისტანცირების ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი. მილიარდზე მეტი მოსწავლე გადასულია სწავლების ონლაინ ფორმატზე. კაცობრიობამ პაუზა აიღო. ბავშვებს ხელების ხშირი დაბანის სწავლებაში თავადაც ვეხმარებოდი, არომატულ საპონს ვყიდულობდი. ახლა პატარამ თვითონ მოიფიქრა, რომ საპნის ბუშტებს ბერავს ხელების დაბანისას. ჟანდარმივით არ უნდა დაადგე ბავშვს, არ უნდა უთხრა: „დაიბანე ხელი!“ რა თქმა უნდა, ამას წახალისება სჭირდება, ბავშვი უნდა შევაქოთ. აქცენტები უნდა გავაკეთოთ ბავშვის პიროვნულ თვისებებზე. როგორც კი ბავშვს მათთვის გასაგებ ენაზე ავუხსნით, რა საფრთხეს შეიცავს გარეთ გასვლა, ის ამას გაიგებს.“
„ორი მთავარი რამ არის: პედაგოგების გულისხმიერება და მშობლების ყურადღება. ბავშვების მიმღებლობის ხარისხი ოჯახში განსაზღვრავს იმ თვისებების განვითარებას, რომელიც სამომავლოდ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალიზაციისა და კომუნიკაციის თვალსაზრისით. ციფრულ მედიას, წიგნიერებას და ა.შ. ჩვენ ვეღარ შევაჩერებთ. ეს ტექნიკური პროგრესია, რომელიც აუცილებელიც არის. აქ ისევ მშობელზე გავდივართ. ბევრი მშობელი მინახავს, ბავშვს ტელეფონს აჩეჩებს, ოღონდ ბავშვი გაჩუმდეს, ან წუხს, რომ ბავშვი ცელქია. დღევანდელი თაობა ნამდვილად განიცდის მშობლებთან კომუნიკაციის ნაკლებობას. მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს. ფსიქიკის სიჯანსაღე კომპიუტერთან ჯდომით არ ირღვევა. უბრალოდ ბავშვს უნდა ავუხსნათ დამოკიდებულება. ისევ მშობელზე გავდივარ. ბავშვს უნდა აუხსნას მშობელმა: „ახლა ასეა საჭირო და ეს აუცილებელია.“ განსაკუთრებით პირველიდან მეხუთე-მეექვსე კლასამდე, როდესაც ბავშვებს აქვთ მოტორული ენერგია. სკოლა ბავშვისთვის არის დაცვის თანამშრომლიდან დაწყებული, მისი კლასი, მისი მერხი, მისი თანაკლასელები, რომელთა დანაკლისს განიცდის. მშობლებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი იმ მეტ-ნაკლებ კომუნიკაციას, რომელიც ბავშვებმა კლასელებთან შეიძლება დაამყარონ,“ - აღნიშნავს ნანა გოგიჩაშვილი.