რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე და რა არის გამომწვევი მიზეზები? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ აბულაძე.
- რამდენად ხშირია ძუძუს კიბო ქალებში?
- ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის და ტანის სიმსივნეები, ბოლო პერიოდში შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია 35 და ზემოთ ასაკში.
- ძირითადად, რა არის გამოწვევი მიზეზები?
- რისკფაქტორების ჯგუფიდან აღსანიშნავია:
ადრეული მენარხე (მენსტრუალური ციკლის დაწყება);
გვიანი მენოპაუზა (კლიმაქსი);
ხშირი აბორტები, გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით, პირველი ხაზის ქალბატონებში (დედა და დეიდა);
ენდოკრინული და დისჰორმონალური ცვლილებების მოშლა, ასაკოვან ქალბატონებში პოსტრავმული წარმონაქმნები.
ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის ჰორმონალური დისბალანსის შედეგად მიმდინარე პროცესები, რომელშიც ჩართულია მთელი ენდოკრინული სისტემა. ამ პროცესს მიეკუთნება მასტოპათია, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კვანძოვანი ფორმა, სწრაფად მზარდი ფიბროადენომა (ფილოიდი), სქელკედლიანი კისტები, სადინარშიდა პაპილომა, რომელიც კლინიკურად მხოლოდ სისხლიანი, ან მუქი ყავისფერი გამონადენით ხასიათდება, ხშირია პოსტრავმული წარმონაქმნები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებში, იგი დაზიანებული ან დაჟეჟილი ქსოვილიდან ვითარდება იქ, სადაც იყო ეგრედწოდებული ჰემატომა. მისი ალაგების შემდეგ ხშირია კარგად პალპირებადი წარმონაქმნი.
- რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ მკერდის კიბოსთან გვაქვს საქმე?
- საეჭვო ნიშნებს შორის აღსანიშნავია: ძუძუს ფორმის შეცვლა, კანის გასქელება (ლიმონის ქერქი), გასინჯვადი წარმონაქმნის არსებობა, გადიდებული იღლიის ლიმფური კვანძები, ძუძუს თავის დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი.
- როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან და როდის მივმართოთ ექიმს?
- იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ძუძუს კიბოს პრევენცია, საჭიროა ქალბატონებმა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმ მამოლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
„მშობლებს ვურჩევ, რომ ხშირად არ იხმარონ ცხვირის გამხსნელი საშუალებები, რამეთუ ცხვირის გაჭედვა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ცხვირის გაჭედვითა და ცხვირიდან გამონადენით მიმდინარე ვირუსული ინფექციების შესახებ ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:
„ბავშვებში ცხვირიდან როგორც წინა, ისე უკანა გადანადენის სინდრომები ხშირია. ამის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი გარდა რინოვირუსისა, შეიძლება იყოს სტრეპტოკოკი. იმ შემთხვევაში, როდესაც ცხვირიდან გამონადენი 15 დღეზე მეტხანს გრძელდება, მოწოდებულია 14-დან 28 დღემდე ანტიბიოტიკოთერაპია ამოქსაცილინის ჯგუფის პრეპარატებით, მიუხედავად ცხელების არსებობისა.“
„ვურჩევ, რომ ხშირად არ იხმარონ ცხვირის გამხსნელი საშუალებები. ცხვირის გაჭედვა არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია და თუ ბავშვი იტანს ამას, საერთოდ სჯობს, რომ არც იხმარონ, რამეთუ ესეც ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა, რომ რესპირაციული პათოგენი ლორწოვანის შეშუპებით და ცხვირიდან გამონადენით იქნას მოშორებული,“ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.