რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე და რა არის გამომწვევი მიზეზები? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ აბულაძე.
- რამდენად ხშირია ძუძუს კიბო ქალებში?
- ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის და ტანის სიმსივნეები, ბოლო პერიოდში შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია 35 და ზემოთ ასაკში.
- ძირითადად, რა არის გამოწვევი მიზეზები?
- რისკფაქტორების ჯგუფიდან აღსანიშნავია:
ადრეული მენარხე (მენსტრუალური ციკლის დაწყება);
გვიანი მენოპაუზა (კლიმაქსი);
ხშირი აბორტები, გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით, პირველი ხაზის ქალბატონებში (დედა და დეიდა);
ენდოკრინული და დისჰორმონალური ცვლილებების მოშლა, ასაკოვან ქალბატონებში პოსტრავმული წარმონაქმნები.
ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის ჰორმონალური დისბალანსის შედეგად მიმდინარე პროცესები, რომელშიც ჩართულია მთელი ენდოკრინული სისტემა. ამ პროცესს მიეკუთნება მასტოპათია, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კვანძოვანი ფორმა, სწრაფად მზარდი ფიბროადენომა (ფილოიდი), სქელკედლიანი კისტები, სადინარშიდა პაპილომა, რომელიც კლინიკურად მხოლოდ სისხლიანი, ან მუქი ყავისფერი გამონადენით ხასიათდება, ხშირია პოსტრავმული წარმონაქმნები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებში, იგი დაზიანებული ან დაჟეჟილი ქსოვილიდან ვითარდება იქ, სადაც იყო ეგრედწოდებული ჰემატომა. მისი ალაგების შემდეგ ხშირია კარგად პალპირებადი წარმონაქმნი.
- რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ მკერდის კიბოსთან გვაქვს საქმე?
- საეჭვო ნიშნებს შორის აღსანიშნავია: ძუძუს ფორმის შეცვლა, კანის გასქელება (ლიმონის ქერქი), გასინჯვადი წარმონაქმნის არსებობა, გადიდებული იღლიის ლიმფური კვანძები, ძუძუს თავის დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი.
- როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან და როდის მივმართოთ ექიმს?
- იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ძუძუს კიბოს პრევენცია, საჭიროა ქალბატონებმა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმ მამოლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
გზამკვლევი ორსულებისთვის: რა სიმპტომები აქვს ქალს ორსულობის პირველ, მეორე და მესამე ტრიმესტრში?
ორსულობა საშუალოდ 40 კვირადე გრძელდება. ორსულობის კვირები სამ ტრიმესტრად არის დაჯგუფებული. გაიგეთ, რა ხდება თქვენს ორგანიზმში თითოეული ტრიმესტრის განმავლობაში და რა სიმპტომებს უნდა ელოდოთ ორსულობის ცალკეულ ეტაპებზე.
პირველი ტრიმესტრი (1-12 კვირა)
ორსულობის პირველ ტრიმესტრში ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. ჰორმონალური ცვლილებები ორგანოთა ყველა სისტემაზე ახდენს გავლენას. აღნიშნული ცვლილებები ხშირად ორსულობის საწყის ეტაპზევე იწვევს გარკვეული სიმპტომების გამოვლენას. ერთ-ერთი პირველი სიმპტომი, რომელიც ორსულობაზე მიგანიშნებთ, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტაა. სხვა სიმპტომები, რომლებიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში ვლინდება, შემდეგია:
ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
მკერდის მგრძნობელობის მატება
კუჭ-ნაწლავის პრობლემები, დილის გულისრევა, ღებინება
გარკვეული საკვები პროდუქტების მიმართ ლტლოლვა ან ზიზღი
ხასიათის ცვალებადობა
შეკრულობა
გახშირებული შარდვა
თავის ტკივილი
გულძმარვა
წონაში მატება ან კლება
ორსულობის პირველ ტრიმესტრში უმჯობესია ცხოვრების წესი შეიცვალოთ, დასაძინებლად ადრე წახვიდეთ და მცირე ულუფებით იკვებოთ. ორსულობის პროგრესირებასთან ერთად უსიამოვნო სიმპტომების დიდი ნაწილი გაივლის. ზოგიერთი ქალი მეორე-მესამე ტრიმესტრში დისკომფორტს საერთოდ აღარ განიცდის. თუ ორსულად აქამდეც ყოფილხართ, შესაძლოა, ამჯერად სხვა სიმპტომები გამოგივლინდეთ. როგორც თითოეული ქალის ორსულობა, ასევე კონკრეტული ქალის სხვადასხვა ორსულობაც ერთმანეთისგან განსხვავებულია.
მეორე ტრიმესტრი (13-28 კვირა)
ქალების უდიდესი ნაწილისთვის ორსულობის მეორე ტრიმესტრი პირველთან შედარებით მარტივია. გულისრევისა და დაღლილობის სიმპტომები ნელ-ნელა ქრება. მუცლის ზომა ნაყოფის ზრდასთან ერთად იმატებს. ორსულობის მეორე ტრიმესტრის დასრულებამდე ბავშვის პირველ მოძრაობასაც იგრძნობთ. სიმპტომები, რომლებიც მეორე ტრიმესტრში ვლინდება, შემდეგია:
მუცლის, ზურგის, საზარდულისა და ბარძაყის ტკივილი
სტრიები მუცელზე, მკერდზე, თეძოებსა და დუნდულებზე
მკერდის ირგვლივ კანის გამუქება
მუქი ფერის ლაქების გაჩენა ლოყებზე, ცხვირზე, შუბლზე, ზედა ტუჩთან
ხელების დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება
ქავილის შეგრძნება ხელისგულებზე, მუცელსა და ტერფებზე
სახის, ტერფებისა და თითების შეშუპება (უცაბედი და ექსტრემალური შეშუპების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს)
მესამე ტრიმესტრი (29-40 კვირა)
მეორე ტრიმესტრში არსებული სიმპტომების ნაწილი მესამე ტრიმესტრშიც ფიქსირდება. ქალების დიდ ნაწილს სუნთქვა უძნელდება და შარდვის გახშირებული მოთხოვნილება აქვს, რადგან ბავშვი იზრდება და ორგანოებზე ზეწოლა ძლიერდება. ცვლილებები, რომლებსაც მესამე ტრიმესტრში შეამჩნევთ, შემდეგია:
სუნთქვის გაძნელება
გულძმარვა
ჰემოროი (ბუასილი)
მტკივნეული მკერდი
ძილის პრობლემები
მუცლის ქვედა არეში ბავშვის მოძრაობის გახშირება
საშვილოსნოს შეკუმშვები, რომელიც, შესაძლოა, მშობიარობის დაწყების ნიშანიც იყოს
ორსულობის მესამე ტრიმესტრში ექიმი ყურადღებით აკვირდება ორსულობის განვითარებას და მშობიარობისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.