რამდენჯერ უნდა ეძინოს ბავშვს დღისგანმავლობაში, არის თუ არა აუცილებელი შუადღის ძილი და როგორი ძილის რუტინა უნდა ჰქონდეს პატარას, რომ ჩაძინება გავუმარტივოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დღის ძილი და რომელ ასაკში რამდენჯერ უნდა ეძინოს პატარას დღის განმავლობაში?
- ძილი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდების და მოზრდილებისთვის.
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დღის, ისე ღამის ძილი. სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია დღის ძილის ჯერადობა, დღის და ღამის ძილის ხანგრძლივობა. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებებიც.
ჩვილობის ასაკში (1 წლამდე) დღის ძილის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი, ღამის ძილის ხანგრძლივობა - 10 საათი. ამ ასაკში დღისით ბავშვები იძინებენ 2-3 ჯერ, შედარებით პატარები (2-3 თვის) 3-4 ჯერ. 1,5-2 წლის ასაკში ბავშვების უმრავლესობა დღეში 1-2 ჯერ იძინებს, დღის ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში დაახლოებით 2-2,5 საათია. ღამით სძინავთ 11-12 საათის მანძილზე.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ასაკში ძილის ხანგრძილობა ასეთია:
2-12 თვის ასაკში - საშუალოდ ძილის ხანგრძლივობა 15-16 საათია;
1-2 წ.- ძილის ხანგრძლივობა 14 საათია;
3-5 წ.- ძილის ხანგრძლივობა 10-13 საათია;
6-11 წ.- ძილის ხანგრძლივობა 9-10 საათია;
13-18 წ. - ძილის ხანგრძლივობა 8-9 საათია.
- ზოგიერთ ბავშვს არ სძინავს შუადღეზე. ეს წარმოადგენს თუ არა პრობლემას?
- 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა იძინებს დღისით. მშობლები გადაწყვეტენ ხოლმე, ბავშვი არ დააძინონ დღისით იმ მოტივით, რომ ღამით პატარამ ადრე დაიძინოს. ხშირად ეს ძილის დარღვევის მიზეზი ხდება და ბავშვები ღამითაც ვეღარ იძინებენ, ადვილად ღიზიანდებიან, ტირიან, ჭირვეულობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. საჭიროა 3 წლამდე ასაკის ბავშვი იძინებდეს დღისით, შუადღემდე და არა შუადღის შემდეგ, რომ არ მოხდეს ღამის ძილის გადავადება. ღამით ბავშვი უნდა იძინებდეს არაუგვიანეს საღამოს 9 საათისა, შესაბამისად, დილით უნდა იღვიძებდეს 8 საათზე. მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის ზუსტი დაცვა. ძილისთვის მომზადება სასურველია, დავიწყოთ ერთსა და იმავე დროს.
- როგორ გავუმარტივოთ პატარას ჩაძინება?
- პატარასთვის ჩაძინების გასამარტივებლად შესაძლოა, გამოვიყენოთ მისთვის საყვარელი რბილი სათამაშო, რომელსაც ჩაეხუტება, ასევე კარგი ვარიანტია ზღაპრის მოყოლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ძილის წინ ბავშვი მსუბუქად ვავახშმოთ და არ გადავტვირთოთ. ასევე ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, კომპიუტერული თამაშები, თუნდაც ანიმაციური ფილმების ნახვა ძილის წინ იწვევს ჩაძინების გაძნელებას. საძინებელ ოთახში სასურველია, არ იყოს ტელევიზორი. გვქონდეს სუსტი განათება, როცა ბავშვი შეიღვიძებს ღამით ადვილად უნდა გაერკვეს გარემოში და უფრო ადვილად შეიბრუნებს ძილს.
- ხელში დაძინება რამდენად მიზანშეწონილია და როცა ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ თუ არა თავის საწოლში?
- ხელში დაძინება მიზანშეწონილი არ არის. უკვე 4-5 თვის ასაკიდან ბავშვი უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად ჩაძინებას თავის საწოლში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები, რომლებიც იძინებენ დამოუკიდებლად, ასევე ადვილად შეიბრუნებენ ძილს, როცა შეიღვიძებენ არ დასჭირდებათ უფროსის დახმარება.
როცა პატარას ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ საწოლში, დავჯდეთ გვერდით რამდენიმე წუთით, მოვეფეროთ. შემდეგ დავტოვოთ, თუ კვლავ აგრძელებს ტირილს, კვლავ შევაკითხოთ და მშვიდად ვუთხრათ, რომ ძილის დროა.
- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ ჩამოუყალიბონ ბავშვს სწორი ძილის რუტინა?
- მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს ძილის რუტინა, ძილის წინ მომზადება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ეს მოიცავს, მაგალითად, ბანაობას ძილის წინ. ეს უნდა ემთხვეოდეს იმ დროს, როცა ბავშვს რეალურად ეძინება. როგორც წესი, მშობელი ამჩნევს ხოლმე როდის ეძინება პატარას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დრო არ გადავავადოთ რაიმე მიზეზით, მაგალითად, საოჯახო საქმე, სტუმრები და სხვა. ძილის დროის გადავადება იწვევს ძილის დარღვევას.
ღამის ძილზე დადებითად აისახება დღისით, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა. ამიტომ დღისით ეცადეთ, აუცილებლად გაასეირნოთ პატარა, დატვირთოთ თამაშებით, ხოლო უშუალოდ ჩაძინებამდე 1-2 საათი ბავშვი არ დატვირთოთ ფიზიკურად.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„სამი წლის ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს ჯგუფური თამაში და ნივთების გაზიარება,“- ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი
ფსიქოლოგმა ნატა მეფარიშვილმა იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებსაც ბავშვები გაზიარებისა და ჯგუფური თამაშის უნარების ათვისებისას აწყდებიან. მან აღნიშნა, რომ დასწავლის პროცესში მშობლის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია:
„ნელ-ნელა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი კვლავ პატარაა, ის აღიქმება, როგორც ოდნავ მოზრდილი ან დიდი, რაც ბავშვებს ძალიან მოსწონთ. ამ დიდობას აქვს თავისი პლუსები და „მინუსები.“ მინუსი გახლავთ ის, რომ მან უნდა დაიწყოს სხვა თანატოლებთან ურთიერთობა, რომლებსაც მისი სათამაშო მოსწონთ ხოლმე. მან უნდა ისწავლოს, როგორ უნდა გაუყოს ეს სათამაშო სხვას. გაყოფის პროცესში ბავშვების უმეტესობა აწყდება პრობლემას, რომ არ უნდა სათამაშოს გაცემა, იმიტომ, რომ ეს მისი კუნთვნილი ნივთია. სწორედ აქ არის უფროსის როლი ძალიან მნიშვნელოვანი.“
ნატა მეფარიშვილმა იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომლებსაც მშობლები ბავშვის ჭირვეული ქცევის გამოვლენისას უშვებენ:
„უფროსი, რომელიც იქვეა უნდა ჩაერთოს პროცესში, სანამ ბავშვი ისწავლის, რომ განაწილება პრობლემა არ არის. ის, რომ ბავშვმა სათამაშო მიაწოდა ვიღაცას და ცოტა ხნით უნდა დააცადოს, რომ ხელში ჰქონდეს, არის მნიშვნელოვანი. ხშირია ხოლმე, რომ ამ აურზაურში მშობლები ისევ გამოართმევენ გაცემულ სათამაშოს, ამშვიდებენ სათამაშოთი ატირებულ ბავშვს, რომელიც ფეხებს აბაკუნებს. ეს იწვევს იმ ქცევის მოდელის ჩამოყალიბებას, რომ თუ ფეხს დავაბაკუნებ და მუშტებს დავაბრახუნებ, თავს კარგად დავიმკვიდრებ.“
ნატა მეფარიშვილის თქმით, ორი წლის ასაკში ბავშვს საკუთარი მოთხოვნების სწორად გამოხატვა არ შეუძლია, რაც მან ნელ-ნელა უნდა ისწავლოს:
„ორი წლის და ორი თვის ასაკში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სათამაშო მქონდეს მე, იმ ტერიტორიაზე, სადაც ვთამაშობ, მე ვიყო ლიდერი, ყურადღება მომაქციონ, როდესაც ვითხოვ. რადგან არ ვიცი ადეკვატურად გამოხატვა ჩემი მოთხოვნების, ვიწყებ ისეთი ქცევის გამოვლენას, რომელსაც აგრესიულს ვეძახით და მარტივად იქცევს ყურადღებას. სასურველია, რომ უფრო პოზიტიური ქცევები: განაწილების ქცევა, რიგის დალოდების ქცევა ჩვენს შვილებს კარგად ავუხსნათ. თუ ბავშვი სხვას არ გადასცემს ამ სათამაშოს, გამოვართვათ და ვუთხრათ: „ახლა ჩვენ სათამაშოს ცოტა ხნით ვათხოვებთ.“
„ორი წლის და ოთხი თვის რომ იქნება ბავშვი, ნელ-ნელა ეს უნარი უნდა ჩამოვუყალიბოთ. სამი წლის ასაკში მას უნდა შეეძლოს ჯგუფური თამაში, ნივთების გაზიარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც მოგვიანებით მომიწევს თანამშრომლებთან გუნდური და ჯგუფური მუშაობა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მე ეს არ გამომდის. რომ დავფიქრდები, მივხვდები, რომ ბავშვობაში რაღაც ისე არ იყო, როგორც საჭირო იყო,“ – ნატა მეფარიშვილმა აღნიშნულ თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.