რამდენჯერ უნდა ეძინოს ბავშვს დღისგანმავლობაში, არის თუ არა აუცილებელი შუადღის ძილი და როგორი ძილის რუტინა უნდა ჰქონდეს პატარას, რომ ჩაძინება გავუმარტივოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დღის ძილი და რომელ ასაკში რამდენჯერ უნდა ეძინოს პატარას დღის განმავლობაში?
- ძილი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდების და მოზრდილებისთვის.
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დღის, ისე ღამის ძილი. სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია დღის ძილის ჯერადობა, დღის და ღამის ძილის ხანგრძლივობა. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებებიც.
ჩვილობის ასაკში (1 წლამდე) დღის ძილის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი, ღამის ძილის ხანგრძლივობა - 10 საათი. ამ ასაკში დღისით ბავშვები იძინებენ 2-3 ჯერ, შედარებით პატარები (2-3 თვის) 3-4 ჯერ. 1,5-2 წლის ასაკში ბავშვების უმრავლესობა დღეში 1-2 ჯერ იძინებს, დღის ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში დაახლოებით 2-2,5 საათია. ღამით სძინავთ 11-12 საათის მანძილზე.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ასაკში ძილის ხანგრძილობა ასეთია:
2-12 თვის ასაკში - საშუალოდ ძილის ხანგრძლივობა 15-16 საათია;
1-2 წ.- ძილის ხანგრძლივობა 14 საათია;
3-5 წ.- ძილის ხანგრძლივობა 10-13 საათია;
6-11 წ.- ძილის ხანგრძლივობა 9-10 საათია;
13-18 წ. - ძილის ხანგრძლივობა 8-9 საათია.
- ზოგიერთ ბავშვს არ სძინავს შუადღეზე. ეს წარმოადგენს თუ არა პრობლემას?
- 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა იძინებს დღისით. მშობლები გადაწყვეტენ ხოლმე, ბავშვი არ დააძინონ დღისით იმ მოტივით, რომ ღამით პატარამ ადრე დაიძინოს. ხშირად ეს ძილის დარღვევის მიზეზი ხდება და ბავშვები ღამითაც ვეღარ იძინებენ, ადვილად ღიზიანდებიან, ტირიან, ჭირვეულობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. საჭიროა 3 წლამდე ასაკის ბავშვი იძინებდეს დღისით, შუადღემდე და არა შუადღის შემდეგ, რომ არ მოხდეს ღამის ძილის გადავადება. ღამით ბავშვი უნდა იძინებდეს არაუგვიანეს საღამოს 9 საათისა, შესაბამისად, დილით უნდა იღვიძებდეს 8 საათზე. მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის ზუსტი დაცვა. ძილისთვის მომზადება სასურველია, დავიწყოთ ერთსა და იმავე დროს.
- როგორ გავუმარტივოთ პატარას ჩაძინება?
- პატარასთვის ჩაძინების გასამარტივებლად შესაძლოა, გამოვიყენოთ მისთვის საყვარელი რბილი სათამაშო, რომელსაც ჩაეხუტება, ასევე კარგი ვარიანტია ზღაპრის მოყოლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ძილის წინ ბავშვი მსუბუქად ვავახშმოთ და არ გადავტვირთოთ. ასევე ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, კომპიუტერული თამაშები, თუნდაც ანიმაციური ფილმების ნახვა ძილის წინ იწვევს ჩაძინების გაძნელებას. საძინებელ ოთახში სასურველია, არ იყოს ტელევიზორი. გვქონდეს სუსტი განათება, როცა ბავშვი შეიღვიძებს ღამით ადვილად უნდა გაერკვეს გარემოში და უფრო ადვილად შეიბრუნებს ძილს.
- ხელში დაძინება რამდენად მიზანშეწონილია და როცა ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ თუ არა თავის საწოლში?
- ხელში დაძინება მიზანშეწონილი არ არის. უკვე 4-5 თვის ასაკიდან ბავშვი უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად ჩაძინებას თავის საწოლში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები, რომლებიც იძინებენ დამოუკიდებლად, ასევე ადვილად შეიბრუნებენ ძილს, როცა შეიღვიძებენ არ დასჭირდებათ უფროსის დახმარება.
როცა პატარას ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ საწოლში, დავჯდეთ გვერდით რამდენიმე წუთით, მოვეფეროთ. შემდეგ დავტოვოთ, თუ კვლავ აგრძელებს ტირილს, კვლავ შევაკითხოთ და მშვიდად ვუთხრათ, რომ ძილის დროა.
- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ ჩამოუყალიბონ ბავშვს სწორი ძილის რუტინა?
- მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს ძილის რუტინა, ძილის წინ მომზადება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ეს მოიცავს, მაგალითად, ბანაობას ძილის წინ. ეს უნდა ემთხვეოდეს იმ დროს, როცა ბავშვს რეალურად ეძინება. როგორც წესი, მშობელი ამჩნევს ხოლმე როდის ეძინება პატარას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დრო არ გადავავადოთ რაიმე მიზეზით, მაგალითად, საოჯახო საქმე, სტუმრები და სხვა. ძილის დროის გადავადება იწვევს ძილის დარღვევას.
ღამის ძილზე დადებითად აისახება დღისით, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა. ამიტომ დღისით ეცადეთ, აუცილებლად გაასეირნოთ პატარა, დატვირთოთ თამაშებით, ხოლო უშუალოდ ჩაძინებამდე 1-2 საათი ბავშვი არ დატვირთოთ ფიზიკურად.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„აუცილებელია, მშობელი იყოს ამ პროცესში ჩართული. იცოდეს, რა ინფორმაციას იღებს შვილი,“ - ფსიქოლოგი ნინო ბუაძე
ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ბავშვების ეკრანდამოკიდებულებისა და ანიმაციებისადმი სიყვარულის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც ბავშვი ხშირად ითხოვს ერთსა და იმავე ანიმაციას, მშობელი უნდა დააკვირდეს, რა ინფორმაციას იღებს მისი შვილი ანიმაციის ყურებისას:
„ბავშვი ხშირად ითხოვს ერთსა და იმავე ანიმაციას, მაგრამ მნიშვნელოვანია მშობელი დააკვირდეს, რატომ ითხოვს, რა ინფორმაციას იღებს იქიდან. შეიძლება ეს იყოს მისთვის ძალიან სტრესული და უნდოდეს ამ შიშთან გამკლავება. აუცილებელია, მშობელი იყოს ამ პროცესში ჩართული. იცოდეს, რა ინფორმაციას იღებს შვილი. ბავშვს შეუძლია ძალიან კარგად გარდასახვა, შეუძლია როლის გათავისება. მერე სახეზე გვხვდება, რომ აგრესიულია, ყვირის, ურტყამს სხვებს. არ ვიცით, რატომ დაემართა სიბნელის შიში, ცალკე დაწოლა არ უნდა და ა.შ. რითი იკვებება? რა არის მისი საკვები? როგორ არის სიუჟეტი აწყობილი? როგორ ჩანს დადებითი პერსონაჟი? როგორ ამარცხებს ბოროტს? ამის გაშინაგანება ხდება. მერე როგორც კი მსგავს ემოციასთან კავშირი უწევს, ის აცოცხლებს ამ გმირს და ხდება ამ გმირის ნაწილი.“
ნინო ბუაძემ აღნიშნა, რომ ბავშვები სმარტფონებს ძალიან ეჯაჭვებიან, რაც სერიოზული პრობლემაა:
„ბავშვებს როდესაც ართმევენ სმარტფონებს, ისინი ფიქრობენ: რა გავაკეთო ახლა? ეს არის მათი სასიცოცხლო ენერგია. მოზარდებს რომ დავაკვირდეთ, მათი კომუნიკაცია არის ასეთი: „ეს თამაში იცი?“ თუ მან არ იცის ეს თამაში, მაშინ ჩამორჩება თითქოს. აქ შეიძლება წამოვიდეს ბულინგის თემაც, აკნინებენ, როგორ არ იცის. საკუთარი თავის აღქმაც ხდება უკვე იმ სივრცეში. იქ არის გამარჯვებული. ჩვენი თავიც რომ წარმოვიდგინოთ, სად გვიხარია? სადაც ჩვენთვის კომფორტული ზონაა. ბავშვები არიან იმ კომფორტულ ზონაში კარგად. არ უნდათ ეს ახალი ურთიერთობები. გაუცხოვებულია ბავშვი სამყაროსთან.“
ნინო ბუაძემ ბავშვების თვითშეფასების ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის გამოცდილება არც ისე მრავალფეროვანია, რის გამოც მის თვითშეფასებაზე გარემო უფრო ძლიერად ზემოქმედებს:
„ბავშვის თვითშეფასება და ზრდასრულის თვითშეფასება სხვადასხვა საძირკველზე დგას. ჩვენ გვაქვს უამრავი გამოცდილება და ამ უამრავ გამოცდილებაში, შეგვიძლია ავირჩიოთ სხვა. ბავშვის გამოცდილებაში მხოლოდ ეკრანია. მის თვითშეფასებაშიც ის არის, რომ იქ სუპერმენია. მას ახალი გამოცდილებისთვის დრო არ აქვს. ცხოვრება მიედინება მისგან დამოუკიდებლად. არჩევანის წინაშე რომ დგება, ის ირჩევს კომფორტულ ზონას, სადაც ის გმირია, რეალიზებულია და აღიარებული.“
„ზღაპარში შენი ტემპით ვითარდება მოვლენები. შეგიძლია პაუზა გააკეთო, კიდევ ერთხელ გადახედო სიუჟეტს, გაიმეორო. ეს არის გააზრების პროცესი. აღზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვს ასწავლო დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, ასწავლო ანალიზი, გაცნობიერება. მრავალი ალტერნატივა შევთავაზოთ ბავშვს. ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის არის ერთი ფუნდამენტური სხვაობა. ზრდასრულები ხშირად ამბობენ: „რა აზრი აქვს ახლა ხატვაზე რომ ვატარო? მაინც არ გამოვა ამისგან მხატვარი.“ ბავშვები პროცესზე არიან უფრო მეტად ორიენტირებულები. არ ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულები. როდესაც ამბობენ: „ვერ მღერის და რატომ?“ სცენაზე ხომ გადის და ტაშს ხომ უკრავენ? მონაწილე ხომ არის, მიკუთვნებულობის განცდა ხომ აქვს. შესაძლოა, ბავშვი არ არის იმ სპორტში წარმატებული, მაგრამ წაგება ისწავლა, დარდი ისწავლა, გამარჯვებისთვის ბრძოლა ისწავლა, მოტივაცია მიიღო. უამრავი პროცესია და არა ის, გაიტანა თუ არა ფეხბურთში გოლი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო ბუაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.