რამდენჯერ უნდა ეძინოს ბავშვს დღისგანმავლობაში, არის თუ არა აუცილებელი შუადღის ძილი და როგორი ძილის რუტინა უნდა ჰქონდეს პატარას, რომ ჩაძინება გავუმარტივოთ? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მედიცინის დოქტორი, ბავშვთა ნევროლოგი, ნინო გოგატიშვილი.
- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის დღის ძილი და რომელ ასაკში რამდენჯერ უნდა ეძინოს პატარას დღის განმავლობაში?
- ძილი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდების და მოზრდილებისთვის.
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც დღის, ისე ღამის ძილი. სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია დღის ძილის ჯერადობა, დღის და ღამის ძილის ხანგრძლივობა. თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებებიც.
ჩვილობის ასაკში (1 წლამდე) დღის ძილის ხანგრძლივობა არის 3-4 საათი, ღამის ძილის ხანგრძლივობა - 10 საათი. ამ ასაკში დღისით ბავშვები იძინებენ 2-3 ჯერ, შედარებით პატარები (2-3 თვის) 3-4 ჯერ. 1,5-2 წლის ასაკში ბავშვების უმრავლესობა დღეში 1-2 ჯერ იძინებს, დღის ძილის ხანგრძლივობა ამ ასაკში დაახლოებით 2-2,5 საათია. ღამით სძინავთ 11-12 საათის მანძილზე.
უფრო კონკრეტულად, სხვადასხვა ასაკში ძილის ხანგრძილობა ასეთია:
2-12 თვის ასაკში - საშუალოდ ძილის ხანგრძლივობა 15-16 საათია;
1-2 წ.- ძილის ხანგრძლივობა 14 საათია;
3-5 წ.- ძილის ხანგრძლივობა 10-13 საათია;
6-11 წ.- ძილის ხანგრძლივობა 9-10 საათია;
13-18 წ. - ძილის ხანგრძლივობა 8-9 საათია.
- ზოგიერთ ბავშვს არ სძინავს შუადღეზე. ეს წარმოადგენს თუ არა პრობლემას?
- 3 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა იძინებს დღისით. მშობლები გადაწყვეტენ ხოლმე, ბავშვი არ დააძინონ დღისით იმ მოტივით, რომ ღამით პატარამ ადრე დაიძინოს. ხშირად ეს ძილის დარღვევის მიზეზი ხდება და ბავშვები ღამითაც ვეღარ იძინებენ, ადვილად ღიზიანდებიან, ტირიან, ჭირვეულობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა. საჭიროა 3 წლამდე ასაკის ბავშვი იძინებდეს დღისით, შუადღემდე და არა შუადღის შემდეგ, რომ არ მოხდეს ღამის ძილის გადავადება. ღამით ბავშვი უნდა იძინებდეს არაუგვიანეს საღამოს 9 საათისა, შესაბამისად, დილით უნდა იღვიძებდეს 8 საათზე. მნიშვნელოვანია ამ რეჟიმის ზუსტი დაცვა. ძილისთვის მომზადება სასურველია, დავიწყოთ ერთსა და იმავე დროს.
- როგორ გავუმარტივოთ პატარას ჩაძინება?
- პატარასთვის ჩაძინების გასამარტივებლად შესაძლოა, გამოვიყენოთ მისთვის საყვარელი რბილი სათამაშო, რომელსაც ჩაეხუტება, ასევე კარგი ვარიანტია ზღაპრის მოყოლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ძილის წინ ბავშვი მსუბუქად ვავახშმოთ და არ გადავტვირთოთ. ასევე ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, კომპიუტერული თამაშები, თუნდაც ანიმაციური ფილმების ნახვა ძილის წინ იწვევს ჩაძინების გაძნელებას. საძინებელ ოთახში სასურველია, არ იყოს ტელევიზორი. გვქონდეს სუსტი განათება, როცა ბავშვი შეიღვიძებს ღამით ადვილად უნდა გაერკვეს გარემოში და უფრო ადვილად შეიბრუნებს ძილს.
- ხელში დაძინება რამდენად მიზანშეწონილია და როცა ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ თუ არა თავის საწოლში?
- ხელში დაძინება მიზანშეწონილი არ არის. უკვე 4-5 თვის ასაკიდან ბავშვი უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლად ჩაძინებას თავის საწოლში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვები, რომლებიც იძინებენ დამოუკიდებლად, ასევე ადვილად შეიბრუნებენ ძილს, როცა შეიღვიძებენ არ დასჭირდებათ უფროსის დახმარება.
როცა პატარას ძილის დრო აქვს და ტირის, უნდა დავტოვოთ საწოლში, დავჯდეთ გვერდით რამდენიმე წუთით, მოვეფეროთ. შემდეგ დავტოვოთ, თუ კვლავ აგრძელებს ტირილს, კვლავ შევაკითხოთ და მშვიდად ვუთხრათ, რომ ძილის დროა.
- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, როგორ ჩამოუყალიბონ ბავშვს სწორი ძილის რუტინა?
- მნიშვნელოვანია, ბავშვს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს ძილის რუტინა, ძილის წინ მომზადება მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ეს მოიცავს, მაგალითად, ბანაობას ძილის წინ. ეს უნდა ემთხვეოდეს იმ დროს, როცა ბავშვს რეალურად ეძინება. როგორც წესი, მშობელი ამჩნევს ხოლმე როდის ეძინება პატარას. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დრო არ გადავავადოთ რაიმე მიზეზით, მაგალითად, საოჯახო საქმე, სტუმრები და სხვა. ძილის დროის გადავადება იწვევს ძილის დარღვევას.
ღამის ძილზე დადებითად აისახება დღისით, სუფთა ჰაერზე ფიზიკური აქტივობა. ამიტომ დღისით ეცადეთ, აუცილებლად გაასეირნოთ პატარა, დატვირთოთ თამაშებით, ხოლო უშუალოდ ჩაძინებამდე 1-2 საათი ბავშვი არ დატვირთოთ ფიზიკურად.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ქართველებს გვახასიათებდა უფროსების პატივისცემა. ხელიდან არ გაუშვათ ეს ტრადიცია“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ოჯახური ურთიერთობების მნიშვნელობისა და ოჯახში არსებული პრობლემების მოგვარების ეფექტიანი გზების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის გაჩენისას ცოლ-ქმარს შორის გართულებული ურთიერთობის გაუმჯობესება მოთმინებით უნდა მოხდეს:
„როდესაც ბავშვი ჩნდება სახლში, დედა, რა თქმა უნდა, მთლიანად ბავშვზეა გადაგებული. ამას ძალიან დიდი დრო მიაქვს. ამას ვლაპარაკობ მამებისთვის. ქალს ამ დროს იმის ქალობა არ შეუძლია გასწიოს, რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში. უნდა აცალოთ, ერთი ცხრა თვე კიდევ უნდა აცალოთ, რომ ბავშვი წამოჩიტდეს, ქალიც გამოვიდეს მდგომარეობიდან. აცადეთ, მოეფერეთ თქვენს საყვარელ ცოლს, იმან ბავშვი გაგიჩინათ. თუ ასე მოხდება, მაშინ ქმარსა და ცოლს შორის გაუგებრობა არ უნდა აღმოცენდეს. ბავშვი გაგიჩნდათ, ანგელოზი მოგივიდათ, ორივემ მთელი ყურადღება მიმართეთ ამ ბავშვზე. თუ უფროსი შვილი გყავთ, ისიც ჩართეთ ამ საქმეში. გაიაროს ერთმა წელმა, ყველაფერი ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგება.“
შალვა ამონაშვილმა ტრადიციული ქართული ოჯახების შესახებ ისაუბრა, სადაც ოჯახში სამი თაობა ერთად ცხოვრობს. მისი თქმით, ამ ტრადიციას უნდა გავუფრთხილდეთ და ურთიერთპატივისცემა შევინარჩუნოთ:
„როდესაც ოჯახში სამი თაობაა, საქართველოში ხშირად არის ასე. ჩვენ ეს უნდა გვიხაროდეს, ასეთი ცხოვრება უნდა შევინარჩუნოთ. რა ხდება ამ ტრადიციულ ცხოვრებაში? უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა. დედამ პატივი სცეს შვილს, ბებიამ შვილსა და შვილიშვილს, შვილიშვილმა დედას და ბებიას. ჩვენს შვილებს უნდა დავანახვოთ უფრო და უფრო მეტი ნიმუში იმისა, როგორ ვცეთ პატივი უფროსებს. ქართველებს გვახასიათებდა უფროსების პატივისცემა. ხელიდან არ გაუშვათ ეს იშვიათი ტრადიცია. უფროსი რომ შემოდის და ფეხზე აუდგები, ეს ძალიან დიდი თვისებაა. თუ ასეთი ოჯახი გყავთ, შეინარჩუნეთ და გაუფრთხილდით.“
შალვა ამონაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ მის წევრებს ერთმანეთი უყვარდეთ:
„ოჯახი რომ შენარჩუნებული იყოს, დედამთილმა რძალი შეიყვაროს, რძალმა დედამთილი შეიყვაროს, სიძემ სიდედრი შეიყვაროს. დედებად უნდა გავიხადოთ ეს ადამიანები, იმან ყველაზე ძვირფასი მოგცათ თქვენ. დედამთილმა რა მოგცათ თქვენ? შვილი მოგცათ, ხომ?! ამას გაუფრთხილდით. აღზრდის თვალსაზრისით, ბებიას შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს, დედას და მამას კი სხვა. თუ თქვენ ჰუმანური პედაგოგიკა შეგიყვარდათ, ბებიას კი არ მოსწონს ეს პედაგოგიკა, არ დააძალოთ მას. მე კი მინდა, რომ ისიც ასე ექცეოდეს ბავშვს, მაგრამ არ დააძალოთ.“
შალვა ამონაშვილის თქმით, როდესაც ბებიები ბავშვის აღზრდის საკითხებს განსხვავებულად უყურებენ, მშობლები ამას გაგებით უნდა მოეკიდონ:
„თუ ბებია ზედმეტს მოითხოვს, თქვენ ბავშვებს ზედმეტად ათამამებთო, ასეთ რამეს გაიძახის, ბავშვს უთხარით: „ბებიას ისეთი კეთილი გული აქვს, რომ მთელ ჩვენ ოჯახს ჩაიტევს შიგნით, თუ ბებია გაგიბრაზდეს, თვალებში შეხედე და უთხარი: ბებია, შენ ხომ კეთილი გული გაქვს?! შენ ბრაზობ, მე კი მიყვარხარ.“ შეიძლება პირიქითაც იყოს. პაპას და ბებიას აზრი უფრო დახვეწილი ხდება, არ უნდათ ის შეცდომა დაუშვან, რაც თავიანთი შვილების გაზრდაში დაუშვეს. ამიტომ თავიანთი გადასახედიდან თქვენც გასწავლიან, როგორ მოექცეთ შვილებს. მოუსმინეთ ამ მოხუც ადამიანებს, ამ კეთილ ადამიანებს, იქნებ რას ამბობენ. კი ახალი თაობა ხართ, მაგრამ განა ძველი თაობა ჩამოეწერა და აღარ ვარგა?!“
„არის ქართული მშვენიერი სიტყვა: „სიამტკბილობით ცხოვრება.“ სიამტკბილობით ცხოვრება თავისით არ დამკვიდრდება ოჯახში, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დავუთმოთ რაღაცები. არ გავნაწყენდეთ ბებიაზე, ბებია პატარებზე, შვილები მშობლებზე, არ გავნაწყენდეთ. დათმობა ვისწავლოთ, ჩემო ძვირფასებო. როგორ გვიჭირს ეს პატარა რაღაც. დაუთმე, უთხარი: „იყოს, ბებო, შენებურად იყოს.“ გგონიათ ბავშვი დაგეღუპებათ ბებიასთან?! ავტორიტარული პედაგოგიკა ცუდია, მაგრამ განა ავტორიტარ ადამიანს ბავშვები ეჯავრება. უყვარს, მაგრამ სწამს, რომ ასეა უკეთესი. თქვენ თქვენი გააკეთეთ. გაუფრთხილდით ამ ძალიან ტკბილ ქართულ სიტყვას „სიამტკბილობა ოჯახში." ბედნიერება გინდათ? თასზე მოგართვით ბედნიერება ამ სიტყვით. სიამტკბილობა გქონდეთ და ყველაფერი კარგად გექნებათ,“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ამონაშვილის აკადემიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.